მნიშვნელოვანისაქართველო

“ოთარ ფარცხალაძის შემოსავლის მთავარი წყარო ბიზნესპროექტია” – ადვოკატი

ადვოკატი ირწმუნება, რომ ოთარ ფარცხალაძე 5 წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია.

ყოფილი მთავარი პროკურორის ბიზნესსაქმიანობაზე მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ილაპარაკა. თქვა, რომ Elbit-ის პროექტი ოთარ ფარცხალაძისთვის ერთ-ერთი საამაყოა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ნაწილების წარმოება კომპანია Elbit Cyclone-ს ჯერ არ დაუწყია.

სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა მაისში დასრულდა.

პროექტი “საპარტნიორო ფონდის” თანადაფინანსებით [85 მილიონით] განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის.

ყოფილი მთავარი პროკურორის სახელი ბოლო დროს, მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს. ჩანაწერები “ომეგა ჯგუფის” ბიზნესზე ზეწოლას ეხება.

მიმდინარე წლის სექტემბრის პირველი ნახევრიდან ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომლებშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ხელისუფლებისგან – ასევე ბიძინა ივანიშვილისგან – საგადასახადო წნეხის შესუსტებას ჰპირდება, 4 მილიონის სანაცვლოდ, რომელიც გარკვეულ პირებს უნდა გადაუხადოს. ამავე ჩანაწერების თანახმად, ყოფილი პროკურორის ორგანიზებით ლევან ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ომეგას“ საგადასახადო ვალი 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

საქმეში პროკურატურა ჩაერთო. ლევან ყიფიანმა გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა. ამასთან, ის აპირებს პროკურატურას საჩივრით მიმართოს „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის წინააღმდეგ, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button