მნიშვნელოვანისიახლეები

ოთხი მოსამართლე წინააღმდეგია მათი ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოს

მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ მას და მის კოლეგებს "არაფრის ეშინიათ"

3 არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეებს შორისაა აშშ-ის მიერ სანქცირებული ორი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

ორგანიზაციების ცნობით, 2024 წლის იანვარში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს.

NGO-ებში აცხადებენ, რომ შერჩეული 300 ადამიანიდან მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.
მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, სერგო მეთოფიშვილმა და ვასილ მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელმა კომისიამ ისინი 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია შესამოწმებლად.

მათმა კოლეგებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ლეილა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა (რომელთაც საქმე განსახილველად გადაეცათ), სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერეს „ანტიკორუფციული ბიუროს“ დამოუკიდებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ოთხი მოსამართლე თავიანთი დეკლარაციების შემოწმებაზე მიღებული დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს.
ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა;
მიხეილ ჩინჩალაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ლევან მურუსიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
სერგო მეთოფიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.
ამ ოთხი მოსამართლიდან ორს – მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს – აშშ-მ სანქციები დაუწესა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები.

“2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებლმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადაშვილმა, ველერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.

მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია.

კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას”- ნათქვამია განცხადებაში.
ხელს აწერენ:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო
„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – ეწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაში, რომელიც 2023 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება ევროკავშირისგან გაცემული 9 პირობიდან მე-6 პირობის შესრულებას, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, ამ ოთხიდან სამი მოსამართლე დაექვემდებარება ამ წესით შემოწმებას. მოსამართლეთა დიდი ნაწილი და მმართველი პარტიაც ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგია. დამატებით, რამდენიმე დღის წინ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ს მიმართა, გაუუქმოს სანქციები მოსამართლეებს.
თუმცა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თბილისი საქალაქო სასამართლომ მეთოფიშვილისა და კიდევ სამი მოსამართლის, რომელთა შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან, მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა.

კერძოდ, მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მის კოლეგებს “არაფრის ეშინიათ” და მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე მოსამართლეთა ქონების კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურას ეხება.

განცხადების ბოლოს იგი წერს, რომ მოსამართლეებს უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს ქონებრივი მდგომარეობის შემოწმებისგან თავის არიდებაში, მაშინ როცა არასამთავრობო ორგანიზაციებს “რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.”

“მსურს გამოვეხმაურო ქართული ე.წ. არასამთავრობო სექტორის და ზოგიერთი ანგაჟირებული მედია-საშუალების მიერ მორიგ, ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს, რომელიც, რატომღაც, ,,სკანდალურ ინფორმაციად“ მოინათლა, არადა – საკითხი, თავისი შინაარსით, უმარტივესია და წარმოადგენს ყოველი ადამიანისათვის კონსტიტუციით გარანტირებული, სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაციას იმისათის, რათა საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ, მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია. მივყვები თანმიმდევრულად.

დღეს გავრცელდა ,,სკანდალური ინფორმაცია“, რომ ჩემი და კიდევ 3 კოლეგის მოთხოვნით, სასამართლომ შეაჩერა ჩვენ მიერ წარდგენილი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის პროცესი (სარჩელები 2 კვირაზე მეტია, წარდგენილია სასამართლოში; ალბათ დამთხვევაა, რომ რატომღაც დღეეს გაახსენდათ ამის შესახებ). მავანთა მტკიცებით, ეს თურმე იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ გვეშინია ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების, რადგან ამ შემოწმებით გამოაშკარავდება ჩვენი ვითომდა კორუმპირებულობის ფაქტი.

დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია, მითუმეტეს – ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურისა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მიჩნდება კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია დღემდე და მაფიქრებინებს, რომ ეს მორიგი აჟიოტაჟიც სასამართლოს მიმართ წლების მანძილზე მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან არსებული, ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად ერთსა და იმავე, 40-მდე მოსამართლეს ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად. უკვე სათვალავი აგვერია, იმდენჯერ ვიყავით მონიტორინგში და იმდენჯერ მოგვიწია ჩვენი დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პირველი შეკითხვაც სწორედ ესაა: რატომ და რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? დისკრიმინაციული მოპყრობა განა სხვა რა არის, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?!

ასევე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ჩვენ მიერ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი, ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა ამ კომისიისაგან დაცული არ არის და ეს ინფორმაცია ხვდება მავანთა ხელში! დეტალებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, თუმცა – ამ საკითხზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ სწორედ სასამართლო განხილვისას.

ჩვენ დაგვდეს ბრალი, რომ ვაფერხებთ მონიტორინგის პროცესს. ეს მტკნარი სიცრუეა: როგორ უნდა შევაფერხო ჯერ კიდევ წარუდგენელი დეკლარაციის (შემოდგომაზე გვიწევს ძირითადად დეკლარაციების წარდგენა) მონიტორინგი?! ჩემ მიერ სასამართლოსათვის მიმართვის მიზანი არის ერთადერთი: სხვაგვარად, ამ ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებდით! სარჩელში კიდევ სხვა ნიუანსებიცაა და მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ეს საკითხი წამოგვეჭრა სამსჯელოდ სწორედ დეკლარაციების წარდგენამდე, სასამართლო განხილვების ფარგლებში!

და ბოლოს, უცნაურია ე.წ. არასამთავრობო სექტორის ლოგიკა: ჩვენ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ბრალს გვდებენ, რომ თითქოს გავურბივართ ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესს; თავად კი რამდენიმე გვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად! სხვა სიტყვებით, რატომ ითვლება ,,ევროპულ“ სტანდარტად დეკლარაციის საერთოდ შეუვსებლობა, ხოლო საეჭვოდ წარმართულ მონიტორინგზე ლეგიტიმური შეკითხვების დასმა სასამართლო დავის ფარგლებში – ,,ევროინტეგრაციის“ შეფერხებად და, ალბათ, ,,რუსულ“ სტანდარტად?!

გარდა ამისა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და წინააღმდეგობრივი ჩვენი ოპონენტების ლოგიკა: თუ არსებული მექანიზმი არაფრისმომცემია და აუცილებელია ე.წ. ვეტინგის შემოღება მოსამართლეთათვის, მაშინ რაღატომღაა ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი ,,არაფრისმომცემი“ პროცედურის ლეგიტიმურობის თაობაზე ჩვენ მიერ დაწყებული დავის შესახებ?”, – წერს სერგო მექვაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინფორმაციით, მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს. 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. სწორედ ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მესამე სექტორის შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button