ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს 12 წელი პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ ცნო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. – ინფორმაციას ზუგდიდიდან, ჩვენი პარტნიორი რადიოსადგური ათინათი ავრცელებს.

მისი განმარტებით, მსჯავრდებულს რაშიდ კანჯი ოღლის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დაკავების მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში ექნება, რადგან იგი პროცესებს არ ესწრება.

რაშიდ კანჯი ოღლის სახაზინო ადვოკატს მთვარისა ბიგვავას გამოძიების მიმართ კითხვები აქვს. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სასამართლოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მაიდენტიფიცირებელი არც ერთი უტყუარი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, გამოძიებამ, ასევე ვერ შეძლო მკვლელობის მოტივის დადგენა, რაც არასრულყოფილ გამოძიებაზე მეტყველებს.

დაზარალებულის ოჯახის უფლებადაცველის იოსებ ხატიაშვილის თქმით, ისინი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდე სარჩელის შეტანას გეგმავენ.

„რადგან აფხაზეთი არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და იქ კონტროლზე რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი, ამ უკანასკნელის მიმართ, როგორც კი ყველა შიდა სახემწიფოებრივი რესურსი ამოიწურება, მოვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი დარღვევისთვის, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს“, – აღნიშნა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათია“წარმომადგენელმა იოსებ ხატიაშვილმა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

აფხაზური გამოცემების ინფორმაციით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button