მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინისთვის დაპირებული დახმარების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ყველაზე დაბალ დონეს

2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინისთვის დაპირებული დახმარების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90%-ით შემცირდა. ამის შესახებ კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს „ევროპეისკა პრავდა“.

ცნობილია, რომ 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში ახალი დახმარების პაკეტების საერთო ღირებულებამ 2.11 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის იანვრის შემდეგ.

სამხედრო დახმარების მხრივ უკრაინის აქტიური დონორები არიან გერმანია, ფინეთი, ირლანდია, ხორვატია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, შვედეთი და შვეიცარია, ასევე – კანადა და გაერთიანებული სამეფო.

შეერთებული შტატები რჩება სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ დონორად, დაახლოებით 44 მილიარდი ევროთი. ამასთან, როგორც „ევროპეისკა პრავდა“ წერს, გერმანია სწრაფად ეწევა შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებით, რომლის საერთო მოცულობა 17 მილიარდ ევროზე მეტია.

6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანახმად, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების საკითხს არ გადაწყვეტს, ეს უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება.
თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ვერ შეძლო შეთანხმება ფინანსურ პაკეტზე, რომელიც აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად.
სენატში 6 დეკემბერს ჩატარდა დემოკრატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის დასაწყებად საჭირო პროცედურული კენჭისყრა. მომხრე იყო 49 სენატორი, წინააღმდეგი – 51. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო 100-დან, სულ მცირე, 60 სენატორის მხარდაჭერა.

ამასთან უკრაინისა და შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროებმა საერთო წარმოებისა და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, უახლოეს მომავალში უკრაინა მიიღებს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად საჭირო დახმარებას. ამასთან ერთად, აშშ უკრაინას გრძელ ვადაში ეკონომიკის აღდგენასა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.

მემორანდუმში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გაწერილია უკრაინაში ლოკალური თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება. მემორანდუმი უკრაინას დაეხმარება ქვეყანაში საწარმო ობიექტების ამუშავებაში, რომლის დახმარებითაც მოხდება სამხედრო ძალების საჭირო იარაღით მომარაგება. კერძოდ, საუბარია საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვან საბრძოლო მასალაზე და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო სარემონტო ობიექტებზე.

გარდა ამისა, ამერიკამ შექმნა უკრაინასთან ურთიერთობის უწყებათაშორისი გუნდი, რომელშიც შედიან სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. უწყებათშორისი გუნდი მხარს დაუჭერს უკრაინის პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის პოტენციური გარიგებების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

უკრაინა-ამერიკის თავდაცვის კონფერენცია ვაშინგტონში 5-6 დეკემბერს გაიმართა. კონფერენციის მიზანია გააძლიეროს უკრაინისა და აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

მსგავსი პოსტები

Back to top button