მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოცნება აგვისტოს მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას “ნაცმოძრაობას” აკისრებს-ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია

პოლიტიკური შეფასებების საგანი ტალიავინის განცხადებებია – აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში გაიმეორა, რომ არაფერს შეცვლიდა დასკვნაში, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია იყო პასუხი. მან ხაზი გაუსვა გარემოებას რომ ანგარიში მაშინ ორივე მხარემ – საქართველომ და რუსეთმა აღიარეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საკითხის წამოჭრაში მიხეილ სააკაშვილსა და მის ყოფილ გუნდს ადანაშაულებს და 8 აგვისტოს მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას “ნაცმოძრაობას” აკისრებს.
“ნაცმოძრაობას” ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა. სამოქალაქო პირები, მოსახლეობა არ გამოიყვანეს ზუსტად როდესაც იცოდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე იქნებოდა საომარი მოქმედებები. ხელი მოაწერეს ყველანაირ დოკუმენტს. კერძოდ, ევროპის საბჭოს ასამბლეის რეზოლუციას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო თურმე საქართველოს წინააღმდეგ.
ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, რამაც წინაპირობა შეუქმნა ამას – არსად არ გამქრალა,“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი

უკვე მეორე დღეა, ჰაიდი ტალიავინის განცხადებები, პოლიტიკური შეფასებების საგანია – აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას გაიმეორა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია იყო პასუხი. მან ხაზი გაუსვა გარემოებას რომ ანგარიში მაშინ ორივე მხარემ – საქართველომ და რუსეთმა აღიარეს.

ზოგადად, ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია – „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“. ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა, რომ „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, „სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.”
„ზოგადად ტყუილი მისი ცხოვრების წესია. აქედან გამომდინარე „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”. ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა, რომ „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ“ და საერთოდ ყველა ფეხის ნაბიჯზე როგორც კი მიკროფონთან ან კომუნიკაციის რაიმე საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. ის რომ იტყუება, ეს მისი სტილი და ხელწერაა და ამაში გასაკვირი არაფერია. სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას თემის აქტუალიზებისთვის აკრიტიკებს.
“ამ თემაში არ შევდივართ იმიტომ, რომ ეს არის თემა, რომელზე მსჯელობითაც და გახსნითაც შეიძლება დააზიანო შენი ქვეყანა. არ შეიძლება არანაირი პოლიტიკური დივიდენდის გამო შენი ქვეყანა დააზიანო. ამ თემაში ჩვენ არ შევდივართ, ომი დაიწყო რუსეთმა და ოკუპანტიც არის რუსეთი,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი – ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი ეჭვის საბაბი არ არსებობს:
ტალიავინის მოსაზრებამ განიცადა კრახი 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმი აიღო და 2022 წელს, როდესაც შეიჭრა და თავს დაესხა ყველანაირი საბაბის გარეშე უკრაინას.
არავითარი ეჭვი და ეჭვის საბაბი იმასთან დაკავშირებით თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი – არასოდეს არ არსებულა და არც ერთი დასკვნა თუ მოსაზრება, რომელიც ამ ფუნდამენტურ საკითხს აყენებს ეჭვქვეშ – ჩემთვის არ არის და არ იქნება მისაღები,“ – აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საგარეო მდივანი, ოპოზიციური კოალიცია ”ძლიერი საქართველო“ გრიგოლ გეგელია.

როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც – ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი განსახილველი თემა საერთოდ არ ყოფილა.

„როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც. ხომ არ გგონიათ რომ რამით უკეთესია ვინმეზე? ეგეც ცდილობს, რომ ყველაფერი გამოიყენოს სათავისოდ და ვინც არ უნდა ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, თითქოს ის არის ერთადერთი და განუმეორებელი და მასზე ლაპარაკობს ყველა. აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ ყოფილა თემა და ეს არის რეალობა.
მანაც უნდა გააცნობიეროს, რეალობა ის არის, რომ დღეს ის თემა და განსახილველი საკითხი აღარ არის – ამას უნდა შეეგუოს. რაც უფრო მალე გაიგებს, მით უკეთესი იქნება თავისთვისაც, ქვეყნისთვისაც და ყველასთვის.
დღეს ვინც მიხეილ სააკაშვილს აქტუალურს ხდის, არის „ოცნება“. რამდენჯერად არ უნდა გამოჩნდეს, იქნება სასამართლო სხდომა თუ რაიმე სხვა, ყველგან პირდაპირ ეთერშია. გადასცემენ როგორც შეუძლიათ, რომ მთელ ქვეყანას მოასმენინონ და მთელი ქვეყნისთვის აქტუალური გახადონ. მან კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ მატყუარაა. როგორც “ოცნება” არის მატყუარა, ისევე ეგ.
წარმოიდგინეთ, ისეთი ტყუილი იყო, რომ საელჩოს დასჭირდა, საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ იტყუებაო. რამდენად მძიმე მოსასმენია, რომ შენი ყოფილი პრეზიდენტი ისეთ ტყუილს ამბობს, რომ შენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს უწევს გამოვიდეს და ღიად თქვას იტყუებაო. “ოცნების” კრიტიკა ხომ ერთია, მაგრამ ესეც ამორალური და მიუღებელია. ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო”, – აღნიშნა დაუშვილმა.

შეგახსენებთ აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ საქართველოში ამერიკელი პოლიტიკოსების, სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტისას განხილვის თემა არ ყოფილა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

საელჩო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა სურს და ამისათვის პირველ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან.

“არც დეზინფორმაცია და არც სპეკულაცია არ უწყობს ხელს უთანხმოების მოგვარებას. სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს ყოფილი პრეზიდენტი [მიხეილ] სააკაშვილი არ ყოფილა განხილვის თემა. განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ველოდებით წინადადებას”, – წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ.

ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

ეს იყო აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button