მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნება ახალი მთავრობის მოლოდინში-მმართველ გუნდს ოპოზიცია აკრიტიკებს-რა მოლოდინები აქვს ქვეყანას

1-ლი თებერვლის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ, შემდეგ კი, დასკვნასთან ერთად, უგზავნიან ბიუროს, რომელმაც, პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის, პარლამენტში გასამართი სხდომის თარიღი უნდა განსაზღვროს.

მთავრობის დასამტკიცებლად, საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის, ანუ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს, ნდობის გამოცხადებისთვის, 2-კვირიანი ვადა აქვს, ახალი მთავრობა ქვეყანას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში უკვე ეყოლება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ხოლო პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
მისივე თქმით, მათი მიზანია, საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველი კვირის ბოლოს საქართველოს ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს და დამტკიცდეს.
„ხვალ პარტიის ყრილობის მთავარი ამოცანა არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა, ასევე, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ასე, რომ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ, ქართული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის, შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელიც ხვალ მიღებული იქნება. ხვალ არის პოლიტსაბჭო, პოლიტსაბჭოს შემდეგ ყრილობა იქნება და ყველა ის საკითხები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს ოფიციალურად წარდგენილი იქნება.
რაც შეეხება ახალი მთავრობის და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას, მას შემდეგ რაც პოლიტსაბჭოზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა, დამტკიცება მოხდება, პროცედურა შემდეგ პარლამენტი გადმოინაცვლებს, სადაც ფრაქცია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს, ჩვენი მიზანი არის, რომ მომავალ კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსკენ უკვე ახლად დამტკიცებული მთავრობა გვყავდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში დიდი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, პროგნოზების გაკეთება კორექტული არ იქნება, ამაზე პრემიერობის კანდიდატს უნდა დაველოდოთ, რადგან მისი პრეროგატივაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კრიტერიუმებით არის მიღებული.
“ჩვენი მიზანია, რომ, ასეთი ცვლილებების შედეგად, გაიზრდება საკითხების ახლებურად დანახვის შესაძლებლობა, ეს ახალ ენერგიასა და შესაძლებლობას გააჩენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საარჩევნო წელია, საქართველოსთვის დღის წესრიგი გადახალისებულია, კანდიდატის სტატუსი არსებობს. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია გაუმჯობესების ძიება და ვფიქრობ, გადახალისება კარგია. მიღებული გადაწყვეტილება გამართლებულია. ვფიქრობ, ეს ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე [სამთავრობო ცვლილებებზე} ოპონენტები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის სასიკეთო არაფერია , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტებისთვის სასიკეთო არ არის მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
“ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე [სამთავრობო ცვლილებებზე} ოპონენტები არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის სასიკეთო არაფერია. მათთვის სასიკეთო არაა, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, ესეც მათთვის არ არის სასიკეთო, მთლიანად კოლექტიური “ნაცებისთვის”. არც ის, რომ კობახიძე პრემიერი იქნება.
მინდა ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმისთვის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, გახსოვთ როგორი შემოტევები იყო, თუმცა ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტატუსის მიღება. ირაკლი ღარიბაშვილი არსად მიდის, პარტიას იბარებს და ერთიანი ძალისხმევით შევუდგებით 2024 წლის საარჩევნო კამპანიას.
ირაკლი კობახიძეს მინდა წარმატება ვუსურვო, მას ძალიან დიდი როლი აქვს პარტიის სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში, გაძლიერებაში. ის რომ, ასე ძლიერად არის წარმოდგენილი, კობახიძის დიდი დამსახურებაა. ერთობლიობაში, გუნდი ძალიან დიდ ენერგიას ქმნის. ყველაფერი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება წარმოდგენილი”,- აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა პრეზიდენტისგან “სიურპრიზს”, რომ შესაძლოა, არ მოაწეროს ხელი კობახიძის პრემიერად დანიშვნას, კალაძე ამბობს, რომ “არ ელოდება და ალბათ მოაწერს ხელს”.
“2024 წლის არჩევნებისთვის დაწყებული გვაქვს მზადება. კამპანიას რომელსაც წარვმართავთ ერთიანი ძალით და ხალხის დახმარებით შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ”, – აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, მან “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რამდენიმე დღის წინ ნახა.
“ყრილობამდე იყო შეხვედრები, პოლიტსაბჭოც, ივანიშვილიც ესწრებოდა. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვნახე”,-აღნიშნა კახა კალაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საკომიტეტო ჭრილში მოხდება ახალი პრემიერობის კანდიდატის მოსმენა და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის განხილვა, შემდეგ გაიმართება კენჭისყრაც.
“საკომიტეტო ჭრილში უნდა იყოს მოსმენილი პრემიერობის კანდიდატი და უნდა განიხილოს მის მიერ შერჩეული მთავრობის შემადგენლობა. ასევე, პოლიტიკურ ჯგუფებთან მოხდება შესაბამისი საპარლამენტო პროცესი, ხოლო შემდგომ, ეს გადაინაცვლებს სასესიო დარბაზში, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. იქ მოხდება კენჭისყრა, 76 ხმა არის ის კვორუმი, რომლითაც მოხდება მხარდაჭერა ახალი მინისტრთა კაბინეტის”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. გიორგი გახარიას გუნდი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის დამტკიცების პროცესს დაესწრებიან, იმისთვის, რომ მწვავე კითხვები დაუსვან მომავალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.
“ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რისთვისაც საპარლამენტო მუშაობას ჩვენ ვიყენებთ, არის ამ ხალხის ლუსტრაცია და საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ ამ ხალხს უბრალოდ სიმართლის ეშინია,” – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ენმ-ში ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება პრემიერი ან მინისტრები, რადგან რეალურ პრობლემებს, მათი შეფასებით, ახლანდელი მთავრობა ვერ აგვარებს.
“ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრები, იმიტომ,რომ ეს ადამიანები ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი ფასები, არ არის ღირსეული სამუშაოები. ეს ადამიანები ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ,” – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

„ქართული ოცნების“ პრემიერები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ამ თანამდებობაზე. შესაბამისად, ირაკლი კობახიძისგან ფურორს არ ველოდები, თუმცა განმასხვავებელი ნიშნები ექნება, როგორც ყველას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნების“ პრემიერები შინაგანად დაქირავებული თანამშრომლები არიან.
„ირაკლი კობახიძე იგივე პრემიერი იქნება, როგორც „ქართული ოცნების“ დანარჩენი პრემიერები, ოღონდ ცოტა სპეციფიური არომატით. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ პრემიერები ძალიან გვანან ერთმანეთს ამ თანამდებობაზე. შესაბამისად, მისგან რაიმე განსაკუთრებულ ფურორს არ ველოდები, თუმცა განმასხვავებელი ნიშნები ექნება, რაც ყველას ჰქონდა. მაგალითად, ღარიბაშვილი განსხვავდებოდა ბახტაძისგან, ბახტაძე – კვირიკაშვილისგან და ა.შ. მაგრამ ქოლგა ერთია – „ქართული ოცნების“ პრემიერები სპეციფიკურები არიან, შინაგანად არცერთი არ არის პრემიერი. დაქირავებული თანამშრომლები არიან. ირაკლი კობახიძე არ არის უგონო ადამიანი, რომელიც ადეკვატური არ იქნება იმის, რაც დახვდება. ჩვენ გვყავს პრემიერები, რომლებიც ერთ დღეს არიან და მეორე დღეს აღარ არიან. სამწუხაროდ, ამ ნიშას ვერც ირაკლი კობახიძე გასცდება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ

მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებული დეტალები ხვალინდელი ყრილობის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ირაკლი კობახიძე საკუთარ გუნდს პარლამენტს წარუდგენს. პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადანაცვლებამდე, გადაწყვეტილებები ხვალ “ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობაზე უნდა გაფორმდეს. სწორედ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დაასახელოს ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ყრილობაზევე მოხდება მთავრობის უკვე ყოფილი მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button