,,ოცნება EU-ში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია,,-როთი
ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება-ჰერჩინსკი
საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში განაცხადა.
„ანტი-LGBT კანონი, სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის მიერ დათესილი სიძულვილი, მრავალფეროვნებისა და გახსნილობის საქართველოს ამაყი ისტორიისგან წყვეტას წარმოადგენს. ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც ვისწავლე…
[საქართველოს] მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს. ის ძალიან შორს წავიდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის თავისი ბალანსირების პოლიტიკაში. ამ საფუძველზე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეუძლებელია. პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც სადავო კანონები გაიწვევა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა შეწყდება და ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება. ამ მომენტისთვის კი ევროკავშირის კარი დახურულია,” – განაცხადა როთმა.ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პერსპექტივები „მკრთალია“ და შიშობს, რომ „დასავლეთი საქართველოსგან შეტრიალდება, მაშინ როდესაც რუსეთისა და ჩინეთის გავლენები ზრდას აგრძელებს. ბევრი ახალგაზრდა ქართველი დატოვებს ქვეყანას“.
„[საქართველოს მთავრობა] დასავლელი პოლიტიკოსების მიღებაზე ამბობს უარს. ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა უმცირესობების დაცვა და მედიის თავისუფლება, განზრახ ესხმიან თავს. თუ მთავრობა მომავალ არჩევნებს მოიგებს, ის ოპოზიციის აკრძალვას გეგმავს. ამ კურსით, ისინი ევროკავშირის პარტნიორები არ არიან,” – განაცხადა როთმა.
მან აღნიშნა, რომ თბილისში ვიზიტის დროს მან იგრძნო, რომ ახალგაზრდა ქართველები მთავრობისგან განსხვავებულად ფიქრობენ და “აქ შეგიძლია იგრძნო, რომ ევროპის გული ახლა საქართველოში სცემს”.
ევროკავშირს ელჩის თქმით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება. პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც ესაჭიროება საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. დიპლომატი დღეს სამართლიანი არჩევნების ოფისში იმყოფებოდა.
“ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, კერძოდ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოთქვა ღრმა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენების ტრაექტორიის გამო. ვწუხვართ, რომ ევროკავშირთან დასაახლოებელი რეფორმების ნაცვლად, სამწუხაროდ ბოლო თვეებში გვაქვს იმგვარი განვითარებები, რომლებიც ზრდის დისტანციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ეს საკითხი წევრ ქვეყნებთან ერთად შიდა დონეზე განვიხილეთ და ვთქვით, რომ ყველა ოფცია მაგიდაზეა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერება – მოვლენებზე დაყრდნობით.
ვაკვირდებით მოვლენათა განვითარება და გულწრფელად ვიმედოვნებთ,რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არ იქნება ძალადობა და არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს ჩვენთვის სასურველი განვითარებაა, თუმცა თუ ვითარება გაუარესდა, რა თქმა უნდა, ვართ პოზიციაზე, სადაც შეგვიძლია სხვა ხელსაწყოები ავამოქმედოთ, მათ შორის ერთ-ერთია უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვფიქრობ, რაც 26 ოქტომბერს მოხდება დემოკრატიის ზეიმი იქნება. ქართველ ხალხს ექნება საშუალება აირჩიოს მათი და შემდეგი თაობების მომავალი. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი ქვეყანა სურთ. თუ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, კონკურენტული, გამჭვირვალე,ინკლუზიური და მშვიდობიანი, ევროკავშირი შედეგებს აღიარებს და ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც არჩეულ იქნება. მაგრამ საკვანძო საკითხი ისაა, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, საამისოდ ჩვენ გვაქვს პირობები, რაც არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ყველა ქვეყანაზე ვრცელდება,” – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი.