მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნება ყოველთვის შეურიგებელი იქნება და დაგმობს ნებისმიერ აქტს-ოცნებამ ბიჭვინთის რუსეთზე გადაცემა დაგმო

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ქართული ოცნება ყოველთვის შეურიგებელი იქნება და დაგმობს ნებისმიერ აქტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან თავსებადი არ არის.

ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე გადაწყვეტილებას.

“ქართული ოცნების პოზიცია იმთავითვე ცნობილია, მკაფიოდ გაცხადებულია და ჩვენ, რა თქმა უნდა, შეურიგებელი ვიქნებით და რასაკვირველია, ვგმობთ ნებისმიერ აქტს, რომელიც არ არის თავსებადი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, იქნება ეს ფაქტობრივი ანექსია, იქნება ეს ოკუპაცია, იქნება ეს ნებისმიერი აქტი, რომელიც დეიურე თუ დე ფაქტო ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება რუსეთის მხრიდან, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიასთან მიმართებაში, არის, რა თქმა უნდა, დე იურე და დე ფაქტო კანონგარეშე აქტი”, – ამბობს სარჯველაძე.

მისი თქმით, “კატეგორიულად მიუღებელია დამოკიდებულება”, რომ ქართული ოცნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის დუმს.

“ეს [დამოკიდებულება] პირველივე დღიდან, რაც ხელისუფლებაშია ქართული ოცნება, თქვენთვის იმთავითვე გადასარევად ცნობილია. ამიტომ, ნუ ეძებთ ამის მიღმა კონსპირაციებს”, – ასე მიმართა მან ჟურნალისტს კითხვაზე, რატომ დუმს ოცნება ყოველთვის, როცა რუსეთი ახალ პროვოკაციებს აწყობს.

საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენი პოლიტიკით უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებას გამოეხმაურა.

„არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იქნება აღნიშნულ საკითხში. უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ, შემაძრწუნებელია და რუსი ოკუპანტების მხრიდან ანექსიის ნაბიჯების გაგრძელებაა, – წერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელ ” X-ზე”.

“საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაიზარდოს რუსეთზე, რომ ის წავიდეს. ოკუპაცია დასრულდება. საქართველოს მიწები არასოდეს გახდება რუსული,” – აღნიშნავს ბერაია.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია, ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მოვლენებს აკვირდება და განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

„ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება. ლაქლაქზეა გადასული ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას ჩააბარა. არასწორია იმაზე საუბარი, რატომ არ კეთდება უფრო რადიკალური განცხადებები, თითქოს, ამ განცხადებებით შეიძლება ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. განცხადება გაკეთდა ყოველთვის, როცა ეს საჭირო იყო, მიღებულია შესაბამისი რეზოლუციები და დოკუმენტურად დადასტურებულია ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს. ოპოზიციას სურს, რომ ვითარების გართულება სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ვითარების შექმნაში დანაშაული მათ მიუძღვით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებს
ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირების უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ოკუპაციის პერიოდში მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილია.

“გვიან ღამით აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შესახების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს გამოსწორდება მას შემდეგ, რაც საქართველო აღადგენს თავის იურისდიქციას აფხაზეთზე”, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების “რატიფიცირება” ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

26 დეკემბერს დღის განმავლობაში შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან იკრიბებოდნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.

თავდაპირელად ცნობილი იყო, რომ შეთანხმების საკითხზე ე.წ. პარლამენტს 28 დეკემბერს უნდა ემსჯელა.

როგორც ტელეგრამარხი რესპუბლიკა წერს, პარლამენტმა სასესიო სხდომა დილის ექვს საათზე დაიწყო, ამ დროს მოქალაქეები ჯერ კიდევ ე.წ. პარლამენტთან იმყოფებოდნენ. სხდომაზე კი მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს. მათივე ინფორმაციით, სესიის შემდეგ პარლამენტთან სპიკერი ლაშა აშუბა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.

2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული “ობიექტი” მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას, გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა. აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.

იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობა განახორციელოს. ნაგებობებსა და შენობებზე საკუთრების უფლება რუსეთის მხარეს იქნება.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, რუსული მხარე ამ ობიექტებს, მიწის ნაკვეთებსა და ზღვის აკვატორიის მონაკვეთს გამოიყენებს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე მათი რეკრეაციული დასვენებისთვის.

ოკუპანტი ქვეყანა და მის მიერ დასმული ე.წ. ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი ფორმდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.

მსგავსი პოსტები

Back to top button