მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნება საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია- ოპოზიცია კი მხოლოდ ახალ არჩევნებს განიხილავს

ემზადება თუ არა “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებისთვის? – “ლელოში” ამტკიცებენ, რომ პარტია მხოლოდ ახალ არჩევნებს განიხილავს, მათი პარტნიორები კი საბოლოო პასუხისგან ჯერ თავს იკავებენ. ატრენინგებს თუ არა პარტია დამკვირვებლებს? – დამატებით შეკითხვას სოციალურ ქსელში ოპოზიციის აქტივისტებიც სვამენ, რასაც “ლელოს” გენერალური მდივანი უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მზადება დაგვიანებულიც კია.

ამავე მიზეზით მოდის ფორმაში “კოალიცია ახალიც”, რომელმაც მუნიციპალურ არჩევნებამდე რეგიონებში ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ საკადრო ცვლილებებს თვითმმართველობის არჩევნების სამზადისთან კავშირი არ აქვს.

გაყალბების თანამონაწილეობას ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობისთვისაც”, განსხვავებით გახარიას პარტიისგან, რომელსაც კოლეგების აზრი ნაკლებად აღელვებს და გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ჩქარობს.

ოპონენტების პრინციპულობის მმართველ გუნდს არ სჯერა, რომელიც პარტიების გადაწყვეტილების მიუხედავად, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიცია გარე მითითებების მიხედვით იმოქმედებს.

ოპოზიცია საკმაოდ დეზორიენტირებულია, რადგან მათ გარედან კონკრეტული მესიჯი ჯერ არ აქვთ მიღებული, თუ როგორ უნდა იყოს მათი პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხად
მისი თქმით, მათი განცხადებები და ქმედებები წინააღმდეგობრივია.
„მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მათ კიდევ ილუზია აქვთ, რომ რაღაცა მიზანს შეიძლება არეულობით და გადატრიალებით მიაღწიონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ოპოზიცია პოლიტიკურ კატათაგვობანას თამაშობს იმის გაცნობირებით, რა რეალობაც არსებობს. მათ არგუმენტები არ აქვთ და ის გეგმა ვერ განახორციელეს, რაც ჰქონდათ, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება თავდაყირა დაეყენებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ოპოზიციაში იმასაც აცნობიერებენ, რომ არჩევნებში არმონაწილეობით საკუთარი თავის დისკრედიტაციას მთლიანად მოახდენენ.
„ამიტომ ზოგიერთი მათგანი არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს. ერთია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მეორეა, მოგების რა რესურსი აქვთ. ამ ნაწილში ცალსახაა ყველაფერი, მათ არანაირი შანსი არ აქვთ რეალური კონკურენციის. მობილიზებული ვართ, რომ ყველგან გავიმარჯვოთ და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განსაზღვრა.

ცესკოს ცნობით, მიიღეს ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისი გადაწყვეტილებები – მათ შორის, დადგინდა საარჩევნო ბიულეტენის ფორმის და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთის და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახე.

ამავე ინფორმაციით, დამტკიცდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.

“მნიშვნელოვანია იდენტიფიცირებული, თუ პოტენციური რისკების თაობაზე კომპეტენციის ფარგლებში, პრევენციის მიზნით მივიღოთ შესაბამისი ზომები, რაც არ დატოვებს სივრცეს პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციისთვის. ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებები. დადგინდა ოთხი ოქტომბრის არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენის ფორმისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული მის
დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახე. ასევე, დამტკიცდა საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია,” – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება. პარტიების რეგისტრაციამდე კიდევ 3 თვე რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button