“ოცნებამ” ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
“ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. 84 მომხრე 0 წინააღმდეგი – საკითხი კენჭისყრაზე რამდენიმე წუთის წინ გავიდა.
პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, კანონპროექტით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულ პირებზე, მხოლოდ გარკვეული დათქმით გავრცელდება.
მომხსენებლის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირის მიერ.
კანონპროექტის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება დაზარალებულების თანხმობა.
ასევე, დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის ბრალდებული პირები.
რაც შეეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს – თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელის ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.
კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ამნისტია ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს.
მომხსენებლის განცხადებით, რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იგივე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადა.
ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). 7000-მდე პრობაციონერს კი ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება.
ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ შეეხება.
ამნისტიის კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო დაახლოებით 4 800 ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს.
კანონპროექტის მე-3, საბოლოო კენჭისყრაზე დამტკიცებას პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.
შეგახსენებთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ დააინიცირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამნისტიის მიღების ერთ-ერთი მიზეზი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემცირებაა. 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს.
დღესვე, მეორე მოსმენით მიიღეს ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტიც – 81 ხმით, 0-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტების განხილვასა და კენჭისყრას არ დასწრებია ოპოზიციის უმრავლესობა.