მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნებამ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“

პროექტი "არის FARA-ს სიტყვასიტყვითი თარგმანი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე და ყველა წერტილი არის აშშ-ში მოქმედი კანონის იდენტური“-ოცნება

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა და მათი შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.

ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვან თარგმანს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.
დაინიციირებული კანონპროექტი, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ბიუროს სხდომაზე შეაფასა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც. მისი სიტყვებით, პროექტი “არის FARA-ს სიტყვასიტყვითი თარგმანი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე და ყველა წერტილი არის აშშ-ში მოქმედი კანონის იდენტური“.

“ამ საკანონმდებლო ინიციატივის არსი ის არის, რომ იგი წარმოადგენს ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმანს. შემდეგში, საპარლამენტო განხილვის პროცესში, მოხდება კანონპროექტის შესაბამისი ტერმინოლოგიის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენით, ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდნენ ქართულ კანონებთან დაკავშირებით, დასრულებულია. შესაბამისად, დასრულდება ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, გუნდის მიერ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონის ინიციირების შესახებ, რათა კანონთან დაკავშირებით არანაირი გაუგებრობა არ იყოს. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, დამატებით მთელ რიგ კანონებში საჭირო გახდება ცვლილებების შეტანა, რათა განისაზღვროს ის ორგანოები, რომლებიც საქართველოს რეალობიდან გამომდინარე პასუხისმგებელი იქნებიან კანონის აღსრულებაზე.
“როგორც არის – პირდაპირ აშშ-ის პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, შტატებზე გავაკეთეთ მითითება და ქართულად დეპარტამენტის ხელმძღვანელიც კი ვთარგმნეთ, რათა არ იყოს ინსინუაციები, რომ რეგულაცია განსხვავებულია. ვართ ღია, არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ – დაზუსტდება თანამდებობის პირები და ორგანოები ქართულ რეალობასთან”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მან კანონპროექტის მიზნად დაასახელა ის, რომ “შემოღებული იყოს კანონი კონკრეტული სახდელებით თუ სასჯელებით, იმ ფორმითა და იმ ზომით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს. როცა უკვე ორგანიზაციებზე იქნება ლაპარაკი, შეგვეძლება კანონპროექტს დავამატოთ, ამ დათქმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ბიუროს ნაწილში “, – თქვა არჩილ გორდულაძემ.

ბიუროს სხდომაზე იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ თქვა, რომ ქართულენოვანი თარგმანი შეიცავს სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს, რომლებიც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.

“კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონში მოხსენიებულ „კონგრესს“, „კონგრესის ბიბლიოთეკას“, „სახელმწიფო დეპარტამენტს“, „იუსტიციის დეპარტამენტს“, „ხაზინის მდივანს“, „ოლქის გენერალურ დირექტორს“, „აშშ-ის პრეზიდენტს“ და ასე შემდეგ. არის შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების საჭიროებაც”. მისივე თქმით, კანონს მხოლოდ ერთი – “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება – ახლავს და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის.

“გარდა ამისა, ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თანდართული“, – თქვა ალექსანდრე ტაბატაძემ.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სამსჯელოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

როგორც “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა.

ბიუროზე ინიციირებულია ასევე კანონპროექტები: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ამერიკული FARA-ს იდენტური კანონპროექტის ინიციირების შესახებ “ქართულმა ოცნებამ” განცხადება თებერვლის დასაწყისში გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button