პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს

პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
პოლონეთის ხელისუფლება სწავლობს, თუ რა შედეგები ექნება პოლონეთის ეკონომიკისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბელარუსთან სასაზღვრო-გადასასვლელი პუნქტების სრულად დაკეტვას.
”ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რა შედეგები მოჰყვება ამას ჩვენს ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებზე”, – აღნიშნა მინისტრმა მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, სიტუაცია პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე ახლა მთლიანად რუსული და ბელარუსული სამსახურების ოპერაციებით კონტროლდება.
სიკორსკიმ ისაუბრა ივნისის დასაწყისში პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც მიგრანტის მიერ დანის დარტყმის შედეგად პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა.
„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს ბელარუსი ოფიცრები ასწავლიან, როგორ დაარტყან პოლონელ ჯარისკაცს, პოლონელ მესაზღვრეს. მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია. მივიღებთ გადაწყვეტილებას მათი გავლენის გაანალიზების შემდეგ, რათა შედეგები ლუკაშენკომ იგრძნოს და არა ჩვენ“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მაგალითად, ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გადასასვლელები დახურა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის, რაც ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე ხდება, არის რუსული და ბელარუსული სპეცსამსახურების მიერ სრულად კონტროლირებადი ოპერაცია.
მისი განცხადებით, ვარშავა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაძლო შედეგების ანალიზის შემდეგ.
„ამ გადაწყვეტილებების შედეგები რომ იგრძნოს ლუკაშენკომ, და არა-ჩვენ“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ბელარუსთან საზღვარზე დანით მიღებული ჭრილობის შედეგად პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 50-მდე უცხოელმა პოლონელ მესაზღვრეებს ტოტები და ქვები დაუშინა. მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა პოლონელი სამხედრო დანით დაჭრა.