მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოცნებაში ამბობენ რომ ოპოზიციამ კონკრეტულად უნდა თქვას, მხარს უჭერს კანონპროექტს, თუ – ლგბტ პროპაგანდას

ოცნებისთვის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შინაარსი მიუღებელია და მის გაზიარებას არ აპირებენ

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შინაარსი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია და მის გაზიარებას არ აპირებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ უცხოელი შემფასებლების პოზიციები “ქართულ ოცნების” და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ღირებულებებთან შეუთავსებელია.
“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” მომზადებულ პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრება ცნობილი დღეს გახდა. საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ერთსქესიანი წყვილების უფლებებს არღვევს – ქორწინების, შვილად აყვანისა და იდენტობის თვითგამორკვევის ნაწილში. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცვლილებების განხილვის შეჩერებაა.

იზიარებს თუ არა ვენეციის კომისიის მოსაზრებას ოპოზიცია? კითხვა დღეს თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალასთან დაისვა. ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს, მეორე ნაწილისთვის კი, არც ვენეციის რეკომენდაციაა მისაღები და არც – წარდგენილი ცვლილებები.
მმართველი გუნდი ოპონენტებისგან პოზიციის საჯარო დაფიქსირებას ელოდება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციამ კონკრეტულად უნდა თქვას, მხარს უჭერს კანონპროექტს, თუ – ლგბტ პროპაგანდას. სახელისუფლებო ძალა ოპოზიციას ვადას ხვალამდე აძლევს, რის გამოც, დღეს, პროექტის კენჭისყრაც გადაიდო.
“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” მომზადებული ცვლილებებს, საგაზაფხულო სესიაზე, მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღებენ. საშემოდგომო სესიაზე კი, პროექტს უკვე კანონის ძალა მიეცემა.

ვენეციის კომისიის დასკვნით გაოგნებული ვართ, რანაირი კომისიაა? დასკვნაში ყველაფერი საპირისპირო ჩაწერეს, ეს არის შეურაცხყოფა ტრადიციის, ისტორიის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას გამოეხმაურა.
„მნიშვნელოვან ცვლილებებს როცა ვამზადებთ, ყოველთვის უზრუნველვყოფთ ვენეციის კომისიის ჩართულობას პროცესში, მაგრამ ახლა გაოგნებული ვიყავით, როცა ვენეციის კომისიის დასკვნა წავიკითხეთ. ყველაფერს არ მოვყვები, მაგრამ წერია, რეკომენდაციას თუ არ გაითვალისწინებთ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოს და შვილის აყვანაზე პრობლემა არ შეექმნასო. გაოგნებული ვართ, ვენეციის კომისიაა თუ რანაირი კომისიაა? ან საქართველოს ისტორია, ტრადიცია და მართლმადიდებლობა შეისწავლონ, ან არ ვიცი. დასკვნაში ყველაფერი საპირისპირო ჩაწერეს. ეტყობა, ის შემთხვევაა, როცა არ უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ეს არის შეურაცხყოფა მართლმადიდებლობის, ტრადიციის და ისტორიის. არ ვიცი, კომისიაზე ზეწოლას ვინ ახორციელებს, მაგრამ საქართველოში არ იქნება არც ერთნაირსქესიანთა ქორწინება და არც ლგბტ პროპაგანდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ბოლო დროს ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა. ერთ შემთხვევაში თუ ის ამბობს, რომ სარჩევნო კოდექსში ჩავდოთ მექანიზმი, რომელიც საბოტაჟის საშუალებას მისცემს პარტიებს, თანაც რადიკალურ პარტიებს, მგონია, რომ ეს განზრახ არის. უკაცრავად, თუ ვინმეს რამეს ვაბრალებ, მაგრამ უკვე აშკარად იკვეთება ნიშნები, რომ საბოტაჟის საშუალება მიეცეთ პარტიებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტები, დაამკვიდრონ ცრუ ნარატივი, თითქოს ცესკო ერთპარტიულია.
„ჩვენი ოპონენტები შემდეგ გამოდიან და აბსოლუტურად სპეკულაციურად, ამის გამოყენებით ამბობენ, რომ ცესკო ერთპარტიულია. ჩვენი ჩათვლით, ცხრა პარტიაა წარმოდგენილი, მათ შორის, რვა ოპოზიციური პარტია და რვა პროფესიული წევრი. პარტიული წარმომადგენლობა, ზოგადად, უფრო მეტია. შესაბამისად, ერთპარტიულობა არის ცრუ ნარატივი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა და პოლიტიკოსებმა დანერგეს, მათ შორის, ვენეციის კომისიის ამ მცდარი დასკვნის გამოყენებით“, – აღნიშნა მდინარაძემ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრებების შეფასებისას.
მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრების თაობაზე. მდინარაძის თქმით, კომისიას არათუ ახლა დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებები არ მოსწონს, არამედ ისინი ითხოვენ კონსტიტუციაში 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერის ამოღებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
მდინარაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი ყველა რეკომენდაცია მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის.
„მეორე შემთხვევაში, როდესაც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არათუ ის არ მოსწონთ, რასაც ახლა შევიტანთ ჩვენ კანონების ცვლილებების, ნორმების ცვლილებების სახით და კონსტიტუციაში რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის, ისიც ამოშალეთო. ანუ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო. 2017 წელს რაც ჩავწერეთ, რასაც საქართველოს მოსახლეობის და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა და არ არის სადავო საკითხი, ხომ ხედავთ, ვერ ბედავენ ამაზე ხმის ამოღებას და ახლა ჩვენ გარედან ვიხილავთ დარტყმებს ამ თემებზე. პირველი დარტყმა ვენეციის კომისიისგან წამოვიდა. კონსტიტუციაში 2017 წლის ჩანაწერზეც კი გვეუბნებიან, ამოვიღოთო, რადგან თურმე უნდა დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამიტომ ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი ყველა რეკომენდაცია აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსთვის, მისი ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს.
პაპუაშვილის თქმით, „მაშინ, როცა საქართველოს საზოგადოებას სურს, ქორწინება ან მსგავსი ურთიერთობა იყოს დაშვებული მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ მსგავსი კავშირების სამართლებრივი აღიარება“.
„სამწუხაროა, რომ გარკვეულ შეფასებებს ვხედავთ, რომლებიც აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, მათ შორის, იმ რისკების დაზღვევასთან, პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია კანონპროექტი. საპირისპირო რეკომენდაციებია, რომლებიც გულისხმობს არათუ პროპაგანდის წახალისებას, არამედ იმ საკითხების დაკანონებას, რომლის შეზღუდვაზეც იყო საუბარი.
გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში რამდენიმე ადგილას სწორედ ის სახიფათო ტენდენციებია, რომლებზეც არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ხოლმე. მაგალითად, ვციტირებ: ინდივიდებს, მათ შორის ბავშვებს უფლება აქვთ თვითიდენტიფიცირებისა არა მხოლოდ დაბადების სქესის, არამედ გენდერის მიხედვით. გარდა ამისა, ვენეციის კომისია ამბობს: გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, არასრულწლოვნებს შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაციის აკრძალვას შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, განსაკუთრებით თუ ეს არასრულწლოვნები ლგბტ აქტივისტები არიან. ასეთი მიდგომა ჩანს ვენეციის კომისიის დასკვნიდან. რიგ შემთხვევებში, არ ეფუძნება სამართლებრივ მოსაზრებებს, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელიც შეიძლება, არსებობდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ამიტომ ასეთი პოზიციები დასანანია.
საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს გარკვეულ საკითხებზე მოგვყავდა ხოლმე მაგალითები, როგორ ხდება დამატებითი გენდერის თუ სქესის შემოღების ტენდენცია, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებშიც რომ არის წინააღმდეგობა გაწეული და ეს წარმოადგენს პრობლემას, გამოწვევას სხვა საზოგადოებებშიც. კონსტიტუცურად, მათ შორის, კანონშიც გაწერილია, რომ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში მხოლოდ ქალის ან მამაკაცის მითითება იქნება შესაძლებელი მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს თავისი არჩევანით უნდა შეეძლოს პირადობის მოწმობაში ჩაიწეროს, ის არის ქალი თუ მამაკაცი – ყოველგვარი რაიმე სქესის შეცვლის თუ რაღაც ჩარევების გარეშე ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს სქესის არჩევა, თავისი ნების გამოხატვა. ასეთი რეკომენდაციები არის ვენეციის კომისიის მოსაზრებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩი“ ესწრება, ნიშნავს, რომ „არ ჰყოფნით გამბედაობა, ამ საკითხზე იმსჯელონ“.
„ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩის“ წარმომადგენლები ესწრებიან სხდომას, სხვები – არა. ნიშანდობლივია, რადგან კომისიის შემადგენლობაში გახლდათ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი და განხილვების დროს, გარკვეულწილად, მხარს უჭერდა, თუმცა, როგორც ჩანს, შემდეგ სხვანაირი მითითება მიიღეს და განხილვასაც აღარ ესწრებიან. მართალია, არა შალვა კერესელიძემ, ვინც კომისიის წევრი იყო, მაგრამ მისმა თანაპარტიელებმა საჯარო განცხადებებში პროექტთან დაკავშირებით აბსოლუტურად საპირისპირო პოზიციები დააფიქსირეს. სამწუხაროა, რომ იმის გამბედაობაც არ ჰყოფნით, საკითხზე იმსჯელონ, მათ შორის, საკუთარი ამომრჩვლების ინტერესებიდან გამომდინარე. იმდენად არიან დამოკიდებული, რა ბრიფინგი ჩატარდება საქართველოს საზღვრის გარეთ, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, „ტვიტერზე“ ვინ რას დაწერს, ვის მონიშნავს, რა კომენტარს გააკეთებს, რომ ამ თემებზე საჯარო მსჯელობისაც ეშინიათ. 17-მა მაისმა სახალხო რეფერენდუმით დაადასტურა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ამ ინიციატივის მიმართ და ოპოზიციის ერთი ჯგუფის გარდა, ვგულისხმობ „გირჩს“, სხვა წევრებს ეშინიათ მსჯელობის, რადგან იყურებიან გარეთ, რას ეტყვიან მათი მფარველები თუ მათი საარჩევნო კამპანიის დამგეგმავი პოლიტიკური ჯგუფები.
საყოველთაო-სახალხო განხილვების დროსაც მოყვანილი იყო კონკრეტული მაგალითები იმის შესახებ, რომ არათუ თეორიული რისკები, არამედ უკვე პრაქტიკაშია გარკვეული საკითხები, მაგალითად, სქესის მითითებასთან დაკავშირებით, ასევე გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენების ტენდენციის თუ კულტურის დამკვიდრების მცდელობები. როცა საუბარია, რამდენად აქტუალურია საკითხი საქართველოს რეალობისთვის, საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს ერთ-ერთ მაგალითად მოგვყავდა ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი – 2017 წელს, როცა განიხილებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია იყო, რომ არ არის რელევანტური, კანონში ხომ ისედაც არის მოწესრიგებულიო, სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი იყო. მაშინაც კომისიას ჰქონდა პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო გარანტიების შემუშავება, რათა შემდეგ კანონის მარტივად შეცვლით არ მომხდარიყო ეთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება. გავიდა სულ რაღაც შვიდი წელი და დღეს ვნახეთ რეკომენდაცია, რომელიც იმას გვეუბნება, რაც თურმე თეორიული ყოფილა და არანაირი პრაქტიკული რისკი, გამოწვევა ამ მხრივ არ არსებობდა. დღეს პირდაპირ ვხედავთ, მოგვიწოდებენ, რომ მოხდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება, ნელ-ნელა არის მცდელობა, ფეხი მოიკიდოს ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ დროული რეაგირება მნიშვნელოვანია“, – განაცხად შალვა პაპუაშვილმა.

“რომელი რეკომენდაციაც მიგვაჩნია, რომ არის სამართლიანი, იმას ვითვალისწინებთ. რომელიც მიგვაჩნია, რომ არ არის სამართლიანი და გამოსადეგი ამ ქვეყნისთვის, იმას არ ვითვალისწინებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე განაცხადა, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტს შეეხება.
მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტი არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს სექსუალური უმცირესობის წევრებად მიიჩნევენ.
“ვენეციის კომისიას დასკვნაში უწერია, კონსტიტუციიდანაც ამოიღეთ, რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა ნიშნავს ქორწინებასო – გავითვალისწინოთ თუ არ გავითვალისწინოთ?!
რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას, ეს არ ეხება არცერთ ადამიანს, რომელიც თავის თავს სექსუალურ უმცირესობად მიიჩნევს. არცერთი ადამიანის უფლების შეზღუდვას არ ეხება”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარის განცხადებით, ეს კანონპროექტი საზოგადოების დაკვეთიდან მოდის და არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება.
“არავის ორიენტაციაში და პირად ცხოვრებაში არ იჭრება ეს კანონი. არც პოლიტიკოსებს და არც საზოგადოების წევრებს ამის უფლებას არ მივცემთ. ეს არის საერთო ეროვნული დაკვეთის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენი მარგინალური ოპოზიცია მხდალია იმისათვის, რომ გაბედოს და ღიად წინ აღუდგეს ამ ინიციატივას”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

“ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ქალის და კაცის ოჯახი გავაიგივოთ კაცის და კაცის ოჯახთან, ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხისთვის შეუფასებელი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ განაცხადა, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტს ეხებოდა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ქართულ საზოგადოებას ერთსქესიანთა ქორწილის დაკანონებისკენ მოუწოდებს.
“ვენეციის კომისიამ სამართლებრივი დასკვნები არ დაწერა. ჯერ ერთი, ქართულ საზოგადოებას მოუწოდა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება და მეორე, ბავშვებში შევიდეს ლგბტ პროპაგანდა.
ვენეციის კომისიის ამ დასკვნაში იკითხება, რომ მონაწილეობა მიიღონ ბავშვებმა ლგბტ პროპაგანდაში და გახდნენ ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლნი.
უკაცრავად, მაგრამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ქალის და კაცის ოჯახი გავაიგივოთ კაცის და კაცის ოჯახთან, ვერ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხისთვის შეუფასებელი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ერთსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის რეგისტრაციის შესაძლებლობის არქონა, არღვევს “დისკრიმინაციის აკრძალვის” შესახებ ადამიანის უფლებათა საყოველთაო კონვენციის მეთოთხმეტე მუხლს-ვენეციის კომისია

“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნით რუსული პროპაგანდა იქნება გახარებული, რათა ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, ვითომ საქართველოს ვინმე ერთსქესიანთა ქორწილის დაკანონებას აიძულებს.
“განსაკუთრებით რუსული პროპაგანდა იქნება ახლა გახარებული, ვენეციის კომისიის დასკვნას რომ წაიკითხავს, რათა მოატყუონ ხალხი, თითქოს ვინმე საქართველოს აძალებს რამის გაკეთებას – ეს ასე არ არის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეს არის არარსებული პრობლემის ირგვლივ კამათის წამოწევის მცდელობა, რათა წინასაარჩევნოდ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება გადაიფაროს.
“ეს არის წინასაარჩევნოდ პოპულისტური, მგრძნობიარე თემებით დემაგოგიური პრობლემების შექმნა, არარსებული პრობლემის ირგვლივ კამათის წამოწევა, რათა გადაიფაროს, არჩევნების წინ, ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს ურჩევს, არ გააგრძელოს მუშაობა კანონპროექტზე, რომელსაც დღეს პირველი მოსმენით სესიაზე განიხილავენ. საუბარია კანონზე “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”. “ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მტრული და მასტიგმატიზებელი გარემოს გამწვავების ხიფათს აჩენს” – ვკითხულობთ დასკვნაში.
ვენეციის კომისიის მოსაზრებას შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ბავშვებისკენ მიმართული ნებისმიერი პროპაგანდა მიუღებელია.
“ბავშვებისკენ მიმართული ნებისმიერი პროპაგანდა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. საკითხავი არის ის, არის თუ არა “ოცნება” გულწრფელი, როდესაც გვეუბნება, რომ ბავშვებს იცავს”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია და ეს საკითხი აქამდე კითხვის ნიშნით ქვეშ არავის დაუყენებია.
“ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი, დიდი ხანია, ამ კონსტიტუციით გარკვეულია და ეს აქამდე კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, პატივს ვცემ კონსტიტუციას მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტიტუციაში არსებობს გარკვეული საკითხები, რომელზეც ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, შევცვლიდი. როდესაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია და ქალის და კაცის ქორწინებაზეა საუბარი, როგორც ოჯახზე, კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები არ უნდა დაარღვიოს არც კანონმა და არც მოქალაქემ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დეპუტატები პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.

ცვლილებების ინიცირების მიზნად “ქართული ოცნება” ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და მოზარდთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ასახელებს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე ახლად დაკომპლექტებულ პარლამენტს მოუწევს.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, კანონპროექტში შეიტანოს იმგვარი ცვლილება, რაც ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივ აღიარებას დასაშვებს გახდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button