ოცნებაში ამჯერად სურთ, შეკრებების დროს ლაზერების გამოყენებაც აკრძალონ
შეკრებისა და მანიფესტაციების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებასთან ერთად, სახის ნიღბის ტარება, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება აიკრძალება.
ამასთან, ნიღბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამონაკლისი გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებზე გავრცელდეს და საპროტესტო აქციების დროს ექიმებსა და ჟურნალისტებს ნიღბის ტარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენისას გადამუშავდა. ცვლილებების პროექტი პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა შესთავაზა.
„ლაზერული და მკვეთრი გამოსახულების მქონე საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას, ასევე ამას შეიძლება პროვოკაციული ხასიათი ჰქონდეს.
როდესაც მოქალაქე აქციაზე პროტესტის გამოსახატავად მიდის, მისი ინტერესი უნდა იყოს, რომ პროტესტი საჯაროდ გამოხატოს. როდესაც სახის დაფარვა ხდება, მით უფრო მასობრივად, არის პოტენციალი იმისა, რომ ამას ძალადობრივი მიზნები გააჩნდეს, ამის რისკები იზრდება. სახის დაფარვა აკრძალულია მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში“, – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა, რომელმაც პარლამენტში ამ მიმართულებით ინიცირებული კანონის პროექტის კორექტირება შესთავაზა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.
აქციებზე პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვასთან ერთად, „ქართულ ოცნებაში“ სურთ, დემონსტრანტებს ლაზერების გამოყენებაც აეკრძალოთ. ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა ამ პარტიის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.
პარლამენტის ლეგიტიმურობას ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი არ ცნობენ. სხდომებს ესწრება მხოლოდ „ქართული ოცნება“.
„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია ლაზერების გამოყენება შეკრებების დროს… ხშირად არის ეს ლაზერები გამოყენებული იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამ დროს შესაძლებლობა ნაკლები აქვთ ხოლმე სამართალდამცავებს, რომ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ, როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის განმარტებით, საჭიროა ნიღბის ტარება არა მხოლოდ შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების ადგილას, არამედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც აიკრძალოს.
მისი თქმით, ამ კომპონენტის გარეშე აღნიშნული კანონი ეფექტურად ვერ იმუშავებს.
“მინდა ასეთი მოსაზრება შემოგთავაზოთ, რომ არა მარტო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების ადგილას, არამედ აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. სრულიად ლოგიკურია ის, რომ პარლამენტის წინა აქცია თუ იმართება და ფურცელაძის ქუჩაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული და ასეული ნიღბიანი ადამიანი, ამას არავითარი რეაგირება თუ არ მოჰყვება, მაშინ აღნიშნული კანონიც სათანადოდ ვერ იმუშავებს. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ ის ვრცელდებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში”, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.
ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: – ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც ემატება.
28 ნოემბრიდან თბილისში დაწყებულ ხალხმრავალ აქციებზე დემონსტრანტები აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას და ლაზერებს. აქციის მონაწილეებს პოლიციისგან გაშვებული ცრემლმდენი აირისგან თავის დასაცავად სპეციალური ნიღბები უკეთიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩივის, რომ ამ მიზეზით ვერ პოულობს იმ ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასა თუ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების დარღვევას მოედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩივილის საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ შეიმუშავეს კანონპროექტი და პარლამენტი დაჩქარებული სახით მიიღებს ამ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალებათ, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის კი დემონსტრანტებს დააჯარიმებენ.28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათი ნაწილზე პოლიციამ დაკავების დროს და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.
10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტს უკავშირდება.
საკითხი ეხება სკოლებისა და სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების გადაყვანას სახაზინო მომსახურებაზე.
კანონპროექტს, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავს პარლამენტი, პირველი მოსმენით 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომლითაც რეგულირდება დელეგატის ბიუროს საკითხი.
დელეგატებს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, რეგიონებში იგივე რესურსი ექნებათ, რაც ჰქონდათ მაჟორიტარ დეპუტატებს.
რეგულაცია ასევე შეეხება მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და მეგობრობის ჯგუფებში კვოტირების საკითხს.
კანონპროექტს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში. მანამდე კი, საჯარო სამსახურის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებები შემოდის პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების მარეგულირებელ დანაწესსა და საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის კანონით დადგენილ წესში.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის კიდევ ერთი პროექტი კი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას ამ მოწვევის პარლამენტშიც ითვალისწინებს.
ერთი პარტიული სიით შესული, პარლამენტის არანაკლებ შვიდი წევრი პარტიას თუ დატოვებს, მათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. კანონპროექტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 86 ხმით მიიღო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილებათა პროექტი, რომელსაც პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით იხილავს.
კანონმდებლებმა 88 ხმით, მხარი დაუჭირეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებათა პროექტს თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
ცვლილებებით რეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება, იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს პარლამენტის 83-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია.
პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და 88 ხმით, მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, აღდგენილი იქნება 2017 წლის მდგომარეობით არსებული დებულებები.
საკითხი ეხება თვითმმართველი თემის საკრებულოს დაკომპლექტებას როგორც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისგან, ასევე, შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შედის, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტების საბოლოოდ მიღებას მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს.