მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა

ქართულმა ოცნებამ “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

კომისიის შექმნას ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის 83-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკითხს კენჭი ერთპარტიული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს.
კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა, თუმცა “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილება კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს. რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.
გარდა ამისა დღეიდან, სამი დღის ვადაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მათი ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული “დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით”.
რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა რაოდენობრივად ოპოზიციაზე მეტი არ შეიძლება იყოს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ კომისიაში სწორედ ოპოზიციის სტატუსით ჩართვას “ხალხის ძალა“ აპირებს. ასევე, ოპოზიციის სახელით იქმნება კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი – “ევროპელი სოციალისტები“, რომლებიც სავარაუდოდ, აღნიშნულ კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას.

პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია.
„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მინიმუმ ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები იმ პასუხისმგებლობიან გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება აღნიშნული კომისიის მუშაობას და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ, რომელმაც დღევანდელ სხდომაზე წარადგინა დადგენილების პროექტი.

როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა დეპუტატმა სადავო პარლამენტში, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვისაც კომისიის განხილვაზე დაიბარებენ და არ ითანამშრომლებენ კომისიასთან. “არსებობს კონკრეტული მუხლები – 349, 350-ე, 351-ე, რომლებიც ასევე ითვალისწინებს კომისიასთან ართანამშრომლობის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ არსებობს ევროპული პრაქტიკა, მაგალითად, პოლონეთში. თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება და ითანამშრომლებენ კომისიასთან”, – განაცხადა ბოჟაძემ.

„საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“, – უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ 9 იანვარს.

“ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.

“2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია:

– პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; – ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;

– კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;

– კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;

– 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები. დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ”, – თქვა მდინარაძემ 9 იანვარს.

მსგავსი პოსტები

Back to top button