მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა რეპრესიული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

“ქართული ოცნების” სადავო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით – ორი პლენარული სხდომის განმავლობაში განიხილეს და დაამტკიცეს.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება და სპონტანური შეკრების დროს თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება სავალდებულო ხდება.

საკანონმდებლო ცვლილებები ინიციირებულია ერთდროულად რვა კანონში, რომელიც ერთად განიხილეს, თუმცა ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება. ესენია:
შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
სისხლის სამართლის კოდექსი.
კანონის ცვლილება შეეხო წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, რომელიც აქამდე 500-დან 1000 ლარამდე თანხით ისჯებოდა, – ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე.
ახლა ჯარიმის ზედა ზღვარი სამჯერ გაიზრდება, – ცვლილებით, თანხა განისაზღვრება 500-დან 3000 ლარამდე შუალედით; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე იზრდება.
ასევე, ვანდალიზმი კვლავ დაისჯება პირველ შემთხვევაში 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი 2000 ლარით.
მაგრამ განმეორების შემთხვევაში პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება.
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა: დაისჯება 2000-დან 5000-მდე ლარით ან 60 დღემდე პატიმრობით; ახლა 2000-დან 3000-მდე ლარით ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯებოდა.
პოლიციელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“ – დაისჯება ასევე 2000-დან 5000-მდე ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე.
განმეორების შემთხვევაში გადაცდომები დაისჯება 3500-დან 6000 ლარამდე ოდენობით. აქამდე განმეორება 3500-დან 4500 ლარამდე თანხით ან 7-15 დღიანი პატიმრობით ისჯებოდა.
შეზღუდვა ვრცელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ვრცელ ჩამონათვალზე. ესენია:
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი
სამხედრო მოსამსახურე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი
აღსრულების პოლიციელი
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ან მასთან გათანაბრებული პირი“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ემატება 173-ე სექსტა-დეციმა (მე-16) მუხლი და კრძალავს პოლიტიკოსების/თანამდებობის პირების შეურაცხყოფას.

ცვლილების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

გარდა ამისა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ასეთი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

ამავე პროექტით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფაზე ასე გათვალისწინებულია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, 3 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button