“ოცნების” მიერ ამნისტიით გამოშვებული ჩახალიანი სომხეთში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს
არსებული ინფორმაციით, ჩახალიანის საქმე მაშინდელი პრემიერის, ივანიშვილის ერევანში ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი თემა იყო

სომხეთში დააკავეს მოძრაობა „ნების“ ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი.- ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, კიმა ავდალიანმა „სპუტნიკ არმენიას“ განუცხადა.
მასზე სამართლებრივი დევნა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43-419 მუხლის პირველი ნაწილითა (ტერორიზმი) და 43-308 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (ძალის გადამეტება) დაიწყო.
ოპოზიციონერი დააკავეს მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერებისა და მონაწილეების მიერ „ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების მითვისების“ ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. რომლის ფარგლებშიც 26 ივნისს, „ტერორისტული აქტის მომზადებისა და ძალაუფლების უზურპაციის“ ბრალდებით, 16 ადამიანი დააკავეს. მანამდე ამავე საქმეზე დააკავეს არქიეპისკოპოსები ბაგრატი (გალსტანიანი) და მიქაელ აჯაფახიანი. ყველა მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.
ავდალიანის თქმით, საგამოძიებო კომიტეტმა ჩახალიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
ჩახალიანი საქართველოში ცნობილი იყო, როგორც ორგანიზაცია „ჯავახკის“ თავმჯდომარე. მას ხშირად მოიხსენიებდნენ მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის მომხრედ.
2009 წლის აპრილში, საქართველოს სასამართლომ ჩახალიანს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით გათვალისწინებული ბრალდებების ერთობლიობაში, მათ შორის მასობრივი ღონისძიებების უკანონოდ ჩატარებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
ჩახალიანი 2013 წელს ქართულმა ოცნებამ ამნისტიით გამოუშვა. არსებული ინფორმაციით, ჩახალიანის საქმე მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ერევანში ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. როგორც ცნობილია, მის გათავისუფლებას სომხეთის კათოლიკოსი შუამდგომლობდა. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩახალიანს „ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი“ უწოდა. მას ხშირად აკრიტიკებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. 2013 წლის ოქტომბერში, სააკაშვილსა და ჩახალიანს შორის ახალქალაქში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ვაჰაგნ ჩახალიანი ყარაბაღის კონფლიქტში მოხალისეთა შემადგენლობაში მონაწილეობდა. ომის დასრულების შემდეგ მან სომხეთში განაგრძო ოპოზიციური საქმიანობა.
2020 წლის ნოემბერში ჩახალიანი დააკავეს, მას შემდეგ, რაც სხვა დემონსტრანტებთან ერთად სომხეთის პარლამენტის შენობაში შეიჭრა და პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. 2024 წელს მას მთავრობის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ხულიგნობაში დასდეს ბრალი.