მნიშვნელოვანისიახლეები

“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე როდიონოვის ჯალათებსა და დღევანდელი აქციის მონაწილეებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს

ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი და აირჩია ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს

1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი და აირჩია ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს.

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს და 1989 წლის 9 აპრილის “როდიონოვის ჯარისკაცებს” რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებთან აიგივებს.

რეჟიმის წარმომადგენლების მსგავსად 9 აპრილზე გავრცელებულ განცხადებაში არც ის ახსენებს რუსეთს და “პროვოკაციებზე” საუბრობს.

“განსხვავებები არსებობდა ყოველთვის. ისტორიის ყველაზე მძაფრ წუთებშიც კი. ასე იყო 1989 წლის 9 აპრილსაც. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მაშინაც, როცა არჩევნები ტარდებოდა და მრგვალი მაგიდის გარდა სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს; შეხედულებათა სხვაობა იყო რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაზე; ყველა საკითხზე იყო სხვაობა.

აზრთა სხვადასხვაობა სამოქალაქო ომამდეც მისულა. მაგრამ დრო გავიდა, ისტორიამ პროცესი შეაფასა, ხალხმა დასკვნები გამოიტანა. გამოჩნდა, რა იყო უგუნურების ბრალი და რა გარედან წაქეზებით ჩადენილი. და ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა. კვლავ აამოქმედა სიძულვილის პროპაგანდა. მას სურს გაგვყოს და იბატონოს, დაგვიმორჩილოს და გვმართოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესად თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგვიცუროს.

1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას. ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი. ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს. ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, ისინი ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას. ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში შესრულდება, ქართველი ხალხის დაკვეთაა.

ეს დაკვეთა თანასწორობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობაა. ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, 9 აპრილის იდეა და დაღვრილი სისხლი გაიმარჯვებს”- წერს პაპუაშვილი.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად – ქალები. ასობით დაშავდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button