ოცნების თქმით ამბიცია აქვთ კორუფციის სიმცირით მსოფლიოს 3 მოწინავე ქვეყნებს შორის ადგილი დაიკავოს
კორიფციის სიმცირით საქართველო კანდიდატ ქვეყნებს და EU-ს უსწრებს-დავითაშვილი
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2024/12/ocnebis-gundi-780x470.jpg)
გვაქვს ამბიციური მიზანი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის დამოკიდებული სწორ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ქვეყანაში, რათა კორუფციის დონე შემცირებულიყო.
“მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს მოწინავე პოზიცია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კვლევაც არ ასახავს სათანადოდ იმ პროგრესს, რომელიც მათ შორის ბოლო ერთ წლის განმავლობაში განიცადა ჩვენმა ქვეყანამ კორუფციის შემცირების თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე და ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაშიც იმისათვის, რომ ჩვენთან კორუფციის დონე შემცირებულიყო. გარდა ამისა, მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ გვაქვს ამბიციური მიზანი ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის დამოკიდებული სწორ პოლიტიკაზე. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით. მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. არც ერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, გამჭვირვალე და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შემცირდება კორუფციის დონე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული საკითხი ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“მიმართულება, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას ითვალისწინებს, აქტუალური ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყოველთვის იყო, დღესაც ინარჩუნებს ამ აქტუალობას და მომავალშიც ასე გაგრძელდება“ – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, სადაც 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი შეაფასა.
მისი თქმით, ამ კუთხით საქართველო ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას რეგიონში და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებს.
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი გარემო გვაქვს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, რამდენად ეფექტიანია ჩვენი მმართველობა და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი და ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ეფექტიან მართვას და მმართველობას გულისხმობს, უკავშირდება ზუსტად კორუფციის აღქმას. ასე რომ, საქართველო რეგიონის ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაიუმჯობესებს მას“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
“2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ მიმართულებით, საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერს.
მდინარაძის განცხადებით, საქართველო ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში იქნება.
“ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ.
ქეყნის შიგნით კი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ეს მიზნები და ხელი წაუცდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვაქვს უმაღლესი შეფასებები, ვურჩევ(!), დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური, ამბიციური და ამავე დროს, ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ!” – წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” “კორუფციის აღქმის ინდექსი 2024” გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ კვლავინდებურად 53%-ი მიიღო და მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი დაიკავა. საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს. საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და თურქეთს.