მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნების თქმით არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს

“ენდიაი” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. 5 დღის განმავლობაში, დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

უკვე გაიმართა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. ამ წუთებში კი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ოპოზიციას ხვდებიან.
მმართველი გუნდის შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნებამდე და არა ხმის მიცემის დღეს, უარგუმენტო და აბსურდულია, რადგან “ენდიას” მისია, 8 თვით ადრე, უკვე საქართველოშია და მალე ქვეყანაში “ეუთო ოდირის” მისიაც ჩამოვა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, – ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ტარდება და ეს სტანდარტი შენარჩუნდება.

„არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს. ამას ვერავინ შეძლებს. საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ტარდებოდა. 2012 წლის შემდეგ, ყველამ იცის, როგორ ვატარებთ არჩევნებს და ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული. ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, შეხვდეს მოსახლეობას, გააცნოს თავისი ხედვები და შეხედულებები, თუმცა არჩევნებში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანად რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო პანელზე დგას პრეზიდენტი თავისი სასახლიდან და მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“, მათი პანელზე დგომა და ამ ორიდან ერთ-ერთის ლიდერობა გლობალური ომის პარტიასაც აწყობს და არის არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე მხარდაჭერაც მათ მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, გარე ძალები ეხმარებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, რამენაირად იმდენი ხმა მაინც მოაგროვონ, რამე წარმომადგენლობა ჰქონდეთ პარლამენტში.

„შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს, ეს დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ორიდან ერთი რომელი იქნება. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ლიდერად შეირჩა სალომე ზურაბიშვილი, მაშინ, ვფიქრობ, ის მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, იმიტომ, რომ ეს ამომრჩევლისთვის იქნება ძალიან მძიმე და ვერ გაუკეთებს მობილიზებას ამომრჩეველს, მას ისედაც უჭირს ამის გაკეთება, მაგრამ თუ გადაწყდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, მაშინ სალომე ზურაბიშვილი შეეცდება, რომ გარე დაკვეთა შეასრულოს, შიდა „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ფრთის სურვილებიც აღასრულოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში ვერ იქნება საარჩევნო შედეგი იმგვარი, რომ რადიკალურმა ფრთამ, თუნდაც გლობალური ომის პარტიის მხარდაჭერით და ასეთი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არჩევნები მოიგოს, რადგან საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგად იცნობს. გარე ძალები, გლობალური ომის პარტიის კონკრეტული წარმომადგენლები სულს უბერავენ გონებამიხდილ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ფრთას, რომ რამენაირად მიეხმარონ მას, იმდენი მაინც მოაგროვონ, რამე წარმომადგენლობა ჰქონდეთ პარლამენტში“, – განაცხადა ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და ამ კანონზე ვეტოს დადება პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებების გაგრძელება იქნება.

როგორც კახიანმა აღნიშნა, საუბარია კანონმდებლობაზე, რომელმაც უახლოეს მომავალში არჩევნების ეფექტიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

„სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე აგრძელებს ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს. ამჯერად ეს გამოიხატება კანონზე ვეტოს დადებაში, კანონზე, რომელიც სრულიად შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ეს გვაჩვენა თუნდაც ამ კანონის მიღების პროცესმა და განხილვებმა. ოპოზიციას არ ჰქონდა არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომ ამ კანონში რაიმე არ იყოს შესაბამისად გამართული, ისე, როგორც ეს ხდება ევროპული კანონმდებლობების მიხედვით. ძალიან ყურადღებით წავიკითხავ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რას უნდა ეფუძნებოდეს მისი შენიშვნები. დარწმუნებული ვარ, იქ სამართლებრივი არგუმენტაცია არ იქნება. სავარაუდოდ, იქნება იგივე ნარატივი, რაზეც რადიკალური ოპოზიცია საუბრობს. ბუნებრივია, ვეტო აუცილებლად დაძლეული იქნება, რადგან ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია. იმავდროულად ის კანონმდებლობაა, რომელმაც უახლოეს მომავალში არჩევნების ეფექტიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, რომ ოპოზიციამ შეწყვიტა საუბარი არჩევნების დღესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს დიდი მუშაობა დასჭირდა, რათა მოეფიქრებინათ ისეთი სისტემები, რომლებიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა.

პაპუაშვილის განცხადებით, ელექტრონული მთვლელებმა ამ დისკუსიას წერტილი დაუსვა.

„გახსოვთ, რომ ამაზე ჰქონდათ ხოლმე მთელი სპეკულაციები აწყობილი. ჩვენ დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომლებიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, რომ ვეღარც კი საუბრობენ არჩევნების დღეზე, მარტო იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას დაუსვა წერტილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უპირველესი ინტერესია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ეს ჩვენი უპირველესი ინტერესია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი. „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებს იგებს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რომ საბაბიც კი არ ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გაიმეოროს იგივე, რაც გააკეთა 2016-ში, 2020-ში, როდესაც ბოიკოტს უცხადებდა შედეგებს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ინტერესი. დღეს მე მქონდა შეხვედრა NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან, მათ შორის მქონდა ამ საკითხებზეც საუბარი და მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი მისიები, რომლებიც დააზღვევენ იმას, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ დეზინფორმაციით არ გააკეთონ იგივე, რასაც აკეთებდნენ გასულ წლებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, „ქართული ოცნების“ შეფასებები და მოლოდინები არჩევნებთან დაკავშირებით, აგრეთვე პარტიის წინასაარჩევნო გეგმები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გრძელვადიანი მისიის წარმომადგენლები ინიშნავენ ყველა იმ დარღვევას, რომელიც არჩევნების დაწყებამდე და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ხდება.

“ძალიან ბევრია სასაუბრო და მიხარია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტის მაღალი დონის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჰყავს. გრძელვადიანი მისია ნიშნავს იმას, რომ ისინი ინიშნავენ და გულისყურით აკვირდებიან ყველა იმ დარღვევას, რომელიც უკვე მოხდა, ხდება და იქნება წინასაარჩევნოდ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აპირებს, რომ მთავარ საკითხად ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა დააყენოს.

“უნდა იყოს, მეტ-ნაკლებად, ნორმალური საარჩევნო გარემო. უცხოელ დამკვირვებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ამ სიტუაციაში. ნომერ პირველ საკითხად, ვაპირებთ, დავაყენოთ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა. არ შეიძლება, ადამიანებს, რომლებიც, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, იძულებულები გახდნენ, უცხოეთში [წასულიყვნენ] და ვის გადმორიცხულ თანხებზე, ლამის, არსებობს მთელი საქართველო, არ ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა”, – განაცხად გიორგი ვაშაძემ

ოპოზიციურად განწყობილმა რუსებმა და ორგანიზაციებმა შეადგინეს პეტიცია, რომლითაც
მსოფლიოს ლიდერებსა და ქვეყნებს სთხოვენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვლადიმერ პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ. როგორც პეტიციის ავტორებმა “ნეტგაზეთთან” განაცხადეს, მას საქართველოს პარლამენტშიც გაგზავნიან.

პეტიციაში ნათქვამია, რომ სამართლებრივად არაერთი მიზეზი არსებობს პუტინის არალეგიტიმურად ცნობისთვის: იქნება ეს არჩევნების სრული კონტროლი მისი რეჟიმის მიერ, ოპოზიციის დევნა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და სხვა.

ამას გარდა, პეტიციის ავტორები მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მოუწოდებენ, რომ უარი თქვან რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე (ჰუმანიტარული საკითხების გარდა).

“ასეთი ნაბიჯები გახდება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტი და ასევე, საშუალებას გააჩენს, იგი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, პასუხისგებაში მიეცეს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის,” – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისთვის ხელს 100-ზე მეტი საჯარო ფიგურა აწერს. მათ შორის, ეკონომისტი სერგეი გურიევი, პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი, პუტინის ყოფილი პატიმარი მიხეილ ხოდორკოვსკი და სხვები.

პუტინის არალეგიტიმურად ცნობის თხოვნით ევროკავშირს ციხეში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამაც მიმართა.

“პუტინმა ჩემი ქმარი არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე მოკლა. ეს არჩევნები ყალბია, მაგრამ პუტინს მაინც სჭირდება პროპაგანდისთვის. მას სურს, რომ მთელმა მსოფლიომ დაიჯეროს, რომ რუსეთში ყველა მხარს უჭერს და აღფრთოვანებულია. არ დაიჯეროთ ამ პროპაგანდის.

არ აღიაროთ ეს არჩევნები. პრეზიდენტი, რომელმაც მოკლა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ლეგიტიმური არ შეიძლება იყოს” – თქვა ნავალნაიამ.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 17 მარტს ჩატარდება.

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით დღეს მიიღო. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button