ოცნების თქმით რუსეთის მიერ უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების გათავისუფლების ნაწილში ბერკეტები არ აქვთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების გათავისუფლების ნაწილში ბერკეტები არ აქვთ. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ერთადერთი რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ არის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფლისა. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო და წითელი ჯვარი.
“პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში. ჩვენ ამისი რესურსი არ გვაქვს ხომ, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ იგივე ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ მოხალისეებად ომში, რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი, რომ ემუშავა შესაბამისი ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში”, – განაცხადა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველის რუსების მიერ ტყვედ აყვანაზე. მდინარაძე ამბობს, რომ ყველა ფორმატს გამოიყენებენ მოქალაქეების უფლებების დასაცავად, თუმცა როგორც სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო ვერ მოქმედებს.
მისი თქმით, არსებობს მაგალითად წითელი ჯვარი და ე.წ. შვეიცარიული ფორმატი იმისთვის, რომ ამ ფორმატებში საქართველომ იზრუნოს თავის მოქალაქეზე.
“პრეცედენტი აქამდე, როგორც მახსოვს, ჩვენ არ გვქონია ამგვარი და რთულ მდგომარეობაშია ამ დროს სახელმწიფო თავის პოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა გავყოთ ორად. როგორც სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო ვერ მოქმედებს, იმიტომ, რომ ის არ არის მხარე უშუალოდ ჩართული ამაში და არც უნდა იყოს და არც იქნება, შესაბამისად, სამხედრო ტყვეზე სახელმწიფო ვერ რეაგირებს. […] მეორე მხრივ, არსებობს სხვა ფორმატები, მაგალითად წითელი ჯვარი, შვეიცარიული ფორმატი, იმიტომ, რომ ერთადერთი მედიატორი ოკუპანტ მხარესთან ჩვენ გყავს შვეიცარიის საელჩო და ეს ორი ძირითადი ფორმატი არსებობს საიმისოდ, რომ ამ ფორმატებში საქართველომ იზრუნოს თავის მოქალაქეზე. ამ შემთხვევაში ეს სტატუსები იყოფა ერთადერთი რამის გამო, რომ სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს უკრაინა, ის არის ომის მხარე, და ის მოქმედებს ამასთან დაკავშირებით, როგორც მოქალაქეზე, საქართველოს შეუძლია იზრუნოს ამ ფარგლებში და ამ ფორმატში, წითელი ჯვარი, შვეიცარიის საელჩო, როგორც მოქალაქესთან დაკავშირებით თუკი რამე შესაძლებლობა იქნება ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ბოლომდე ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქესთან მიმართებაში”, – თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ Telegram-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ქართველი ტყვის დაკითხვის კადრებია და აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში სნაიპერი იყო. გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტყვედ აყვანილია ამავე ლეგიონის კიდევ ერთი მებრძოლი, საქართველოს მოქალაქე გიორგი ჩუბითიძე.