ოცნების თქმით რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს სანქციებს საქართველოსა და ქართველ ხალხზე
რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე შეერთებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრების მკვეთრად გაუარესება

მოწოდება, რომელიც ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არის მოწოდება რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ანუ მოგვიწოდებენ, მივიღოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან საქართველოს მიერთების შესახებ მოთხოვნაზე.
„ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ორი წლის წინ ჩვენ რომ დაგვეწესებინა, მაშინ ამხელა აჟიოტაჟი რომ ატეხეს, გახსოვთ, მაშინ გამოვედი, ჩვენი გუნდის სახელით ვთქვი, რომ ჩვენ არ მივუერთდებობით ასეთი ტიპის სანქციებს და რატომ – ჩვენ თავიდანვე კარგად გვქონდა გააზრებული, რომ სანქციების დაწესება რეალურად ნიშნავდა სანქციების დაწესებას ჩვენს თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არათუ ათი პროცენტით გაიზრდებოდა, არამედ ათპროცენტიანი ვარდნა ექნებოდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონიმიკას. მოგეხსენებათ, რომ ამ წლისთავზე შეიძლება, ჩვენი ეკონომიკა შემცირებულიყო უკვე 20-30 პროცენტითაც კი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა აღნიშნული რეალური საფრთხეები თავიდანვე რომ დაინახა და გათვალა, სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ არ მიუერთდებოდა სანქციებს.
„ამას გარდა, კარგად იცით, რომ ამის მიუხედავად, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ სანქციების გვერდის ავლაში ვინმეს დავეხმარეთ. ყველაფერი იყო აბსოლუტურად გამჭვირევალედ, ძალიან მაღალი პროფესიონალური საქმე გაკეთდა ჩვენი სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ეს მოწოდება, რომელიც თქვენ ნახეთ, არის მოწოდება რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ანუ მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ მივიღოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. ამას არასოდეს გავაკეთებთ, მიუხედავად ამ უაზრო რეზოლუციებისა და მსგავსი ტიპის ჩარევებისა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეკონომისტის, ნოდარ კაპანაძის თქმით, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე შეერთებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრების მკვეთრად გაუარესება. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, მათ შორის, არის ისეთი კომპონენტები, რომლებშიც ცალსახად რუსეთზეა დამოკიდებული, დიდი დარტყმა იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესება.
“2022 წელს რომ მივერთებოდით ამ სანქციებს, 10.8%-იანი ზრდის ნაცვლად, ყველაზე უარესი სცენარით, გვექნებოდა 17%-იანი ვარდნა. შუალედური სცენარით, 8.6%-იანი პროცენტიანი ვარდნა, ხოლო ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, 4%-იანი ვარდნა. ანუ ზრდა არცერთ შემთხვევაში არ გვექნებოდა. ფინანსურს გამოხატულებაში, ეს 2022 წელს იქნებოდა – უარეს შემთხვევაში, 12 მილიარდი 2015 წლის ლარი, რაც 2022 წლის ფასებით იყო დაახლოებით, 18 მილიარდი ლარი, შუალედურ შემთხვევაში, 9 მილიარდ ლარამდე, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, 5 მილიარდ ლარამდე. ეს მხოლოდ მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, მაგრამ, რეალურად, მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა, ვინაიდან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში არის ისეთი კომპონენტები, რომლებშიც, ცალსახად, რუსეთზე ვართ ამ შემთხვევაში დამოკიდებული. 95% ხორბალი, მცენარეული ზეთის 80%, [მე ფიზიკურ განზომილებებზე ვსაუბრობ, არ ვლაპარაკობ დოლარებსა და ფასებში გადაყვანას] და საწვავის 50%-ზე მეტი შემოდის სწორედ ამ წყაროდან,” – განაცხადა ეკონომისტმა, ნოდარ კაპანაძემ.
გარდა ამისა ამაზრზენი და სკანდალური – ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციას. ტექსტი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯაროო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ ფაქტით გამოაშკარავდა ის, რაც აქამდე მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ხდებოდა. პარლამენტის სპიკერმა დღეს სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეების გარდა იმ დიდ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც სანქციებზე მიერთებით ქართულ ეკონომიკას დაემუქრებოდა.
ევროპარლამენტი რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას, უკრაინაში მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ ითხოვს. დოკუმენტში წერია, რომ ამ ფორმით საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან თანხვედრაში მოვა. თუმცა ტექსტში არაფერია ნათქვამი შესაძლო რისკების დამზღვევ მექანიზმებზე. ოპოზიცია, რომელიც წარსულში სანქციებს თავადაც ითხოვდა, ევროპარლამენტარების რიტორიკას დღესაც იზიარებს.
ოპოზიციისა და ევროპარლამენტარების იდენტური რიტორიკა მმართველ გუნდში არ უკვირთ. პოლიტიკოსების აზრით, რეზოლუცია სუბიექტური პოლიტიკური მიზნებით არის შექმნილი. დღეს, სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა განმარტეს, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს, სანქციებზე მიერთებით ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 18 მილიარდ ლარს დაკარგავდა. არსებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი კი, დაახლოებით 20 პროცენტიანი შემცირებით შეიცვლებოდა.
სანქციები საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ტოტალურად გააუარესებს – ასეთია ეკონომისტების მოსაზრება. ანალიტიკოსებმა დღეს სტატისტიკაზეც ისაუბრეს და თქვეს, რომ საუკეთესო სცენარშიც კი, ქართული ეკონომიკის მოსალოდნელი ზარალი 14 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა. მოსალოდნელი საპასუხო ნაბიჯის შედეგად, განსაკუთრებული საფრთხე შეექმნებოდა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. ეკონომისტების თქმით, საქართველო, როგორც მეტწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, საგრძნობ დარტყმას მიიღებდა მარცვლეულის, ზეთისა და ნავთობპროდუქტების მიმართულებითაც.
ევროპარლამენტმა მიმდინარე კვირას საქართველოს საკითხს ჯერ პლენარული სხდომა და დებატები მიუძღვნა. დღეს კი ევროპულმა ინსტიტუტმა 495 ხმით რეზოლუციაა დაამტკიცა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უყენებს.
ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული.