ოცნების თქმით საინაუგურაციო კომისიისგან ოფიციალური მოწვევა არავის მიუღია და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ბილეთები შეიძინეს
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და დაესწროს ინაუგურაციას, თუ შესაბამის თანხას გადაიხდის

თბილისში განხილვის თემაა ვინ მიიწვიეს და ვინ იყიდა ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთი საკუთარი სურვილით – უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საინაუგურაციო კომისიისგან ოფიციალური მოწვევა არავის მიუღია და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ბილეთები შეიძინეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 200 000-მეტი ადამიანი ესწრება, ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ეს არის ის, რითაც საერთოდ სპეკულირებს ოპოზიცია, რომ აქვთ უფრო მეტი საერთაშორისო წვდომა.
„ჩვენ კი სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს, გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებისა გეოპოლიტიკაში, შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს. საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იყოს განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წარსული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. აქ ეს არის მთავარი, დანარჩენი, რითაც დღეს ოპოზიცია სპეკულირებს, მეათე ხარისხოვანია, რომელსაც სპეკულაციის გარდა სხვა რაიმე მნიშვნელობა თუ კონკრეტული მიზანი საქართველოსთვის არ აქვს. რაზე ისაუბრებენ ისინი იქ, რა თქმა უნდა, ისაუბრებენ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე, დასანქცირება და ა.შ., რადგან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ოფიციალურად ინაუგურაციაზე პრეზიდენტის მიერ დაპატიჟებულთა სია საკმაოდ შეზღუდულია.
„გარკვეული განცხადებებიც გაკეთდა უშუალოდ ადმინისტრაციისა და ტრამპის მხრიდან, მაგალითად ორბანის მოწვევასთან დაკავშირებით, ჩინეთის ლიდერის მოწვევასთან დაკავშირებით, გერმანიაში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მოწვევასთან დაკავშირებით. დანარჩენი, ეს არის, დაახლოებით, 200 000 ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა პირობებით შეუძლიათ დაესწრონ, მათ შორის შეგეძლოთ გამოგეჩინათ კერძო ინიციატივა და შეგეძინათ დასწრების უფლება და ამ დასწრების უფლების ფასიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირია. აქედან გამომდინარე, ესაა ჩვეულებრივი სპეკულაცია ე.წ. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რათა კიდევ ერთხელ მოახდინონ სიტუაციაზე ზეგავლენა. მეორე საკითხია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩნდება რეალური საშუალება, წინაპირობები, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ხარისხობრივად შეიცვალოს და კვლავ მაღალ დონეზე იქნას აყვანილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ვაშაძე, ხაზარაძე, ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ტრამპმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და დაესწროს ინაუგურაციას, თუ შესაბამის თანხას გადაიხდის.
„თუ არ ვცდები, 200 000-მდე ბილეთია გაყიდული. რა თქმა უნდა, ფასები განსხვავებულია. თვითონ ვაშაძე, ხაზარაძე, ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ტრამპის მიერ არიან მიწვეულები. დონალდ ტრამპს ოფიციალურად მიწვეული ჰყავს ხუთი ქვეყნის ლიდერი. შესაბამისად, ამითაც ცდილობენ, ხალხი შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ეს ოპოზიციონერები ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ტრამპმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ზოგადად, გზავნილები, რაც ოპოზიციის მხრიდან ევროპაში, ამერიკაში ჩადის, ყოველთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს.
„არ შემიძლია არ გავიხსენო, მაგალითად, 18 ნოემბერი იყო, როდესაც ამ ოთხმა რადიკალურმა პარტიამ, ვისაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით, გააგზავნეს ე.წ. „დანოსი“ ბრიუსელში, სადაც პირდაპირ მოუწოდებდნენ, ევროკავშირს და მის სტრუქტურებს, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოსთან. დიპლომატიურ დონეზე ვიზიტები შეეჩერებინათ, არანაირი კონტაქტი არ ყოფილიყო ჩვენთან, ტრანშები რაც ევროკავშირს გათვალისწინებული ჰქონდა დახმარების სახით, მიემართათ ენჯეოსექტორისთვის და ა.შ. შესაბამისად, ჩვენთვის აქ გასაკვირი არაფერი არ არის“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველა, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ პერიოდში ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯება და ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული.
„ერთი თვის წინ ითქვა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და დღე-დღეზე გამოაქვეყნებენ, ამიტომ ის, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თავის თავს ბარიერგადალახულს და პროდასავლურს ეძახის, იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდა, თუ რა უნდა. არჩევნები უნდა, თუ ჯერ რეფორმები და არჩევნები უნდა. ისიც არ არის ჩამოყალიბებული, ვინ უნდა ჩაატაროს ეს რეფორმები, არაღიარებულმა პარლამენტმა ხომ არ შეიძლება ჩაატაროს რეფორმები, მაშინ რეფორმები არ იქნება აღიარებული. ყველაფერი ეს კიდევ უფრო ამორალურადაც გამოიყურება იმ ფონზე, რომ ამ გაუგებრობაში არის ოპოზიციის ეს ნაწილი და მეორე მხრივ, ხალხი ციხეში ზის და ფაქტობრივად გამოდის რომ ისინი ღალატობენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და ცდილობენ, ახალი არჩევნები მოიპოვონ. პოლიტიკური კლასის ვალდებულებაა, პოლიტიკური მოთხოვნა ჩამოაყალიბოს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა.
„ყველა, ვინც მას დაუჯერა და ვინც გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა ამ ინიციატივებისგან. ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯება და ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული ამ პერიოდში. არ მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილის დახმარებით რამე მოხდება, ალბათ, უფრო გაფუჭდება, ვიდრე – გაკეთდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.