ოცნების თქმით საქართველოში “რეპრესიები არ არსებობს”
ახალ დრაკონულ ცვლილებებს "სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის" იღებენ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/ika-da-kala-e1738861115873-780x470.jpg)
თბილისის მერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ საქართველოში “რეპრესიები არ არსებობს”. კალაძემ ეს ოცნების მიერ დაინიციირებულ დრაკონული საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში თქვა.
კალაძის მტკიცებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია.
“პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც, რომელიც ოპონენტებმა შეფუთეს, როგორც რუსული კანონი. ჩვენ რომ ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით, ისინი ამას უარყოფდნენ. დღეს, კი ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს ამ ყველაფერზე, თუ როგორ გამოიყენებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები. ამ თანხების გამოყენება ძირითადად ხდებოდა, ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების გადაყენების, რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობისთვის. თუმცა, ეს დასაწყისია. ჯერ სად ხართ?! კიდევ იმდენ რამეს გავიგებთ და ეცოდინება, როგორც მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ. ეს არ გამოვა. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე”- თქვა კალაძემ.
ქართული ოცნების არალეგიტიმურმა, ერთპარტიულმა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ, ახალ დრაკონულ ცვლილებებს.
როგორც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ქართული ოცნების 80-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ, ახალ დრაკონულ ცვლილებებს “სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის” იღებენ.
“ზოგად თემას რაც შეეხება, პირველ რიგში, არ შეიძლება, რომ ოთხმა ასეულმა ადამიანმა ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი. არ შეიძლება ოთხმა ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება ოთხი მილიონი ადამიანისთვის. ერთადერთი, რასაც ემსახურება ეს ცვლილებები სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის პოლიციის გაძლიერება, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.
კიდევ გავიმეორებ, ვერავინ ვერ აღმართავს ხელს ქართულ სახელმწიფოზე და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მითუმეტეს, ოთხი ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. ოთხი ასეული ნაციონალის მხრიდან არ შეიძლება ჩვენ გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა”, – ამბობს ის.
ქართული ოცნების არალეგიტიმურმა, ერთპარტიულმა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ, ახალ დრაკონულ ცვლილებებს.
როგორც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ქართული ოცნების 80-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ქართულმა ოცნებამ ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება 3 თებერვალს დააანონსა, რომლის თანახმადაც, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, მესაკუთრის თანხმობის გარეშე დახურულ სივრცესა და შენობებში აქციების ჩატარება და საჯარო კრიტიკა იკრძალება.