მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნებისა და ოპოზიციის შეფასება-„წამების პრევენციის ევროპული კომისიის“ გამოქვეყნებულ დასკვნაზე

სააკაშვილის მდგომარეობას, დასკვნის მიხედვით, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში.

ექსპრეზიდენტის თანამოაზრეებს, დღეს, მმართველი გუნდიდან “ნაცმოძრაობის” დროს პატიმრების მიმართ მოპყრობა შეახსენეს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ “წამების პრევენციის კომიტეტმა” ოპოზიციის ლუსტრაცია მოახდინა. მათი თქმით, დადასტურდა ისიც, რომ ქვეყანაში პენიტენციური რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და სახელმწიფო ყველა პატიმარს ჰუმანურ პირობებს უქმნის.

“ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის” წარმომადგენლებმა, კლინიკა “ვივამედში”, პატიმრებისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისთვისაც, შექმნილი პირობები შეისწავლეს და, 10 თვის შემდეგ, დასკვნა დღეს გამოაქვეყნეს.

ნაციონალური მოძრაობა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ კლინიკა ვივამედის დაცული პალატებისა და პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს განცხადებით ეხმაურება.

პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ანგარიში დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და “ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია”.

ენმ-ში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა “ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულებითაა გამოწვეული”. პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

“პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. მის წინააღმდეგ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს საქმეების აღძვრა დააანონსა და საქმეების არაღძვრის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა საჯაროდ მოითხოვა.

პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკური საქმეების ავტორი ყოფილი გენერალური პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცრობისთვის სანქცირებული, ოთარ ფარცხალაძეა. სააკაშვილის საქმეებს სასამართლოში წარმართავენ და/ან კურირებენ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და ამას ითხოვს ქართველი ხალხის უმრავლესობა. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობა საფუძველშივე სპობს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი ნება თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში გამოხატოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობაა.

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, სწორედ პოლიტიკური პატიმრობითაა გამოწვეული.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაა, რომ კლინიკა „ვივამედში“ არის „სიტუაცია, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.“

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ითხოვს, რომ „ვივამედში“ პენიტენციურ პაციენტებზე მომხდარ ძალადობაზე დაწყებულ გამოძიებებთან დაკავშირებით მიეწოდოს ინფორმაცია. როგორც ცნობილია, „ვივამედში“ გადაყვანისას პრეზიდენტ სააკაშვილზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, ასევე აღნიშნავს, რომ „ვივამედში“ სათანადოდ არ კეთდება სამედიცინო ჩანაწერები, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში. ასევე, არ არის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. უფრო მეტიც, პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, გარკვეული სიმპტომების სათანადო კვლევაც კი არ ჩატარებულა. კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამედიცინო პროცესს უშიშროების სამსახურები წარმართავენ და არა სამედიცინო პერსონალი.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია.

ეს მდგომარეობა გამოწვეულია ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკურ მართლმსაჯულებით და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, როგორც პოლიტიკური პატიმარი”, – ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

ჩვენი კლინიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობაზე, უფლებების დაცვაზე ზრუნვა, ადეკვატური კვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობა, „წამების პრევენციის ევროპული კომისიის“ დასკვნაშიც ასახულია, რომ ნებისმიერ პაციენტს, მათ შორის პატიმარს სრული წვდომა აქვს სამედიცინო სერვისებზე, – ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, „ვივამედი“ არის პოლიპროფილური კლინიკა და, შესაბამისად, გარკვეული სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე ჰყავს მიწვეული.

„ნებისმიერ პაციენტს, მათ შორის პატიმარს სრული წვდომა აქვს სამედიცინო სერვისებზე, აქ იგულისხმება როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული კვლევები და მათ მკურნალობა უტარდებათ საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვახარებს ეს დასკვნა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, აქ საუბარი იყო ფსიქიატრის, ფსიქოლოგის კლინიკაში დასაქმებაზე. ჩვენ ვართ პოლიპროფილური კლინიკა, ჩვენ არ ვართ ფსიქიატრიული კლინიკა, შესაბამისად, გარკვეული სპეციალისტები გვყავს ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული, მათ შორის ფსიქიატრი. როდესაც პაციენტს ესაჭიროება ფსიქიატრიული დახმარება, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ვიწვევთ სპეციალისტს, მას უტარდება კონსულტაცია და ენიშნება ადეკვატური მკურნალობა. კონკრეტულ შემთხვევაშიც, პაციენტთან იყო სრულიად შესაბამისობაში. ვიწრო სპეციალისტი, იქნება ეს ფსიქიატრი, დერმატოლოგი თუ ა.შ. ჩვენ მათ ვიწვევთ ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენთან კვადრატული მეტრი, რომელიც გათვლილია თითოეულ პაციენტზე, სრულიად ჯდება სტანდარტში. რაც შეეხება კონკრეტულ პაციენტს, ბატონ სააკაშვილს, ის მოთავსებულია ოროთახიან პალატაში, შესაბამისად, მოცულობაზე საუბარი არ შეიძლება. ის, რომ აღნიშნულია გარემოს მიმართ მათი პრეტენზიები, ეს არაა ჩვენი კომპეტენცია, ამას არეგულირებს შესაბამისი დაწესებულება და ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახულია 2023 წლის მარტში მათი ექსპერტების კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.

ძამაშვილის თქმით, ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული.

„პირველ რიგში, აღნიშნულია, რომ არ დაფიქსირებულა პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა. ასევე, ექსპერტების შეფასებით, იმ მსჯავრდებულთა უმრავლესობა, რომლებიც მკურნალობას გადიან კლინიკა „ვივამედში“, არიან კმაყოფილი მიღებული სამედიცინო სერვისით და თავად ექსპერტებიც აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას, რომ კლინიკა „ვივამედში“ შექმნილია ყველანაირი პირობა, რათა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ პატიმრებს. აქ საუბარია როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე სამედიცინო პერსონალზე და მიწოდებულ სამედიცინო სერვისზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, რამდენადაც იუსტიციის სამინისტროსთვის პატიმრების უფლებების დაცვა და განსაკუთრებით, მათ შორის, ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოს ყველა შესაბამის ორგანოსთან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ევროპის წამების კომიტეტის” დასკვნა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მუშაობს რეფორმების გზაზე.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანების უფლებების დაცვის საკითხში, საქართველო საუკეთესო შეფასებას იღებს.

“ევროპის წამების კომიტეტის” ეს დასკვნა, რომელიც სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდადებულების მდგომარეობას ეხება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად სწორი მიმართულ,ებით მუშაობს რეფორმების გზაზე და შედეგები სახეზეა. პენიტენციური სისტემა, სადაც ადამიანები თავისუფლება შეზღუდულები არიან და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვა, ამ მიმართულებით საქართველო საუკეთესო შეფასებას იმსახურებს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის” შეფასებაში წერია, რომ კლინიკა “ვივამედში”, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მჩაგვრელ და დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

მისი განცხადებით, “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი” ამაზე მეტს დოკუმენტში, უბრალოდ, ვერ დაწერდა.

“შავით თეთრზე ამბობენ, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპული წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, უბრალოდ, ვერ დაწერს დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან და დამცირებასთან. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ “ვივამედის” ექიმები არ იღებენ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს – მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმრების მდგომარეობის შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას და რეკომენდაციებს გამოეხმაურა.

მეგრელიშვილის განცხადებით, დასკვნის თანახმად, სააკაშვილს „ვივამედში“ კარგად უვლიან.

ამასთან, მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა, ჭამის პრობლემა რომ არ ჰქონია“.

„მე პირველად დავფიქრდი, რაც დასკვნა წავიკითხე ამ თემაზე, რაც იქ აღნიშნულია. ერთი მხრივ, გამიხარდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უვლიან, გარემო შიგნით, საცხოვრებელი პირობები, ინფორმაციასთან წვდომა და ა.შ. გადასარევად ჰქონია, გარეგნულადაც ეტყობა, ჭამის პრობლემა რომ არ ჰქონია და ა.შ. მაგრამ რომ დავფიქრდი, პრინციპში, რატომაც არა – მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს. ამის გამო, ალბათ, „ვივამედს“ შეიძლება მოუწიოს, არ ვიცი, მაგალითად, სახურავზე ეზოს განთავსება, რომ მსგავსი ფუნქციები მომავალში უკეთ შეასრულოს, ან კიდევ გვერდზე პარკია, წიწვნარი და უკან არის კიდევ ძალიან სერიოზული დენდროლოგიური პარკი და იქაც თუ სახელმწიფო და „ვივამედი“ შეთანხმდებიან, შეიძლება ეკოლოგიურად სწორ გარემოში პატიმრებს ჰქონდეთ დასვენების და სეირნობის საშუალება. მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ იქნება სრულიად იდეალურ მდგომარეობაში, როგორც ჩანს, ამ დასკვნის მიხედვით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკას და ტელესტუდიებს უნდა დაუბრუნდეს.

„მე ვფიქრობ, ის უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკას, ტელესივრცეს, თქვენს სტუდიებს და უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში ყოველგვარი ხელისშეშლის გარეშე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილის განცხადებით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს არავინ კლავს და „ტყუილები რომ მთავრდება, ადამიანებს უნდა რცხვენოდეთ“.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის დახმარების ასეთი სტრატეგიის არჩევით, მისმა კოლეგებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ “მძიმე შეცდომების დრო გაიარა.”

„ამაში დასამალი არაფერია და ნებისმიერი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილს იმ კონკრეტულ საავადმყოფოში არავინ ერჩის, არავინ კლავს და პირობებიც ადამიანურია, საბოლოო ჯამში იუმორის ხასიათზე გაყენებს, როცა მსგავსი შენიშვნები შეიძლება აღმოაჩინო იქ, რადგან არავინ ელოდებოდა ამ საავადმყოფოში, რომ 9 თვის განმავლობაში პაციენტი ეყოლება, ასეთი პაციენტები არ არსებობენ ბუნებაში. თუმცა, ვინაიდან ეს საპატიმროა და იქ ადამიანი ფაქტობრივად სასჯელს იხდის, გასაგებია, რომ ის მომენტი არავის აქამდე არ გახსენებია. ახლა გაახსენდებათ და „ვივამედი“ და სახელმწიფო მოიფიქრებს ამაზეც რეაგირებას და პასუხს. მაგრამ ტყუილები რომ მთავრდება რცხვენიათ თუ არა ადამიანებს, ამას თუ მეკითხებით, უნდა რცხვენოდეთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი აქვეყნებს ანგარიშს კლინიკა ვივამედის დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები სამედიცინო მომსახურებას იღებენ.

ანგარიშის მიხედვით, ვივამედი პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან “საბოლოო სიტყვა არა ექიმებზე, არამედ პენიტენციურ სისტემაზეა”.

დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები, თუმცა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დოკუმენტში, ის მოხსენიებულია როგორც პაციენტი C-ი. კომიტეტის შეფასებით, კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამავე ანგარიშში წერია, რომ პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button