პაატა სალია: “რუსთავი 2”-ის დასაბრუნებლად ბრძოლა ხალვაშმა 2008 წელს დაიწყო
პაატა სალია, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი მედიას და არასამთავრობო სექტორს წერილით მიმართავს. რადიო ჰერეთი გთავაზობთ განცხადების შინარსს:
“4 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების და ქონების დაყადაღება მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის დეკემბერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უშუალო ზეწოლით უკანონოდ წართმეული „რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. ეს ფაქტი აღწერილია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის 25 თებერვლის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებაში. ” –
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი პრეტენზიები მიმართულია არა რუსთავი 2-ის, როგორც ტელეკომპანის, მისი ჟურნალისტების, არამედ ტელეკომპანიის ნომინალური მესაკუთრეების წინააღმდეგ. სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნები ტელეკომპანიის ჟურნალისტების საქმიანობისთვის ბარიერს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები და პირები ცდილობენ კერძო სუბიექტებს შორის დავის საკითხის პოლიტიზებას.
ჩვენ დაინტერესებული ვართ, სამართლებრივი დავა, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანით წამოვიწყეთ, ქართული და საერთაშორისო საზოგადოებების მონიტორინგისა და სრული გამჭვირვალობის პირობებში მიმდინარეობდეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა სასამართლო დავის განხილვის ყველა ეტაპზე. სწორედ ეს იქნება გარანტი იმისა, რომ სასამართლო პროცესი წარიმართოს გამჭვრვალედ და არ მოხდეს ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სიტყვის თავისუფლებას.
ჩვენ მზად ვართ ღია თანამშრომლობისთვის მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და დაიტერესებულ საზოგადოებასთან.” – აღნიშნავს სალია.
ხალვაშის სარჩელს ეხმაურება ტელეკომანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც სამარცხვინოს უწოდებს ტელეკომპანიის ყოფილი დამფუძნებლის სარჩელს.
“სამარცხვინო და სასაცილო რაღაცეებზე გვედავება, რაც ქიბარ ხალვაშის შესაძლებლობების ადამიანისგანაც კი გასაკვირია,” – დღეს გვარამიამ კიდევ ერთხელ განმარტა ტელეკომპანიის სასამართლოსადმი არსებული მოთხოვნები:
“მოსამართლე ურთმელიძემ, მან ელემენტარული ტესტი ვერ გაიარა და მიიღო სრულიად უკანონო დაუსაბუთებელი და ნებისმიერი იურისტისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ამიტომ ამ სარჩელის მიღების შემდეგ კიდევ უფრო თვალნათელი ხდება, რომ ეს საქმე არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ურთმელიძის მიერ და იგი უნდა ჩამოშორდეს ამ პროცესს. ასევე სამი მოსამართლის შემადგენლობით ვითხოვთ ამ საქმის განხილვას იმიტომ, რომ ჯერ ერთი არის რთული საქმე, საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი და მთავრობა არის ჩართული ბოლომდე ამ საქმეში და ერთი მოსამართლე გაცილებით უფრო მოწყვლადია ვიდრე სამი. ამას გარდა ჩვენი საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს ზეპირი მოსმენით,”- აცხადებს გვარამია.
10 აგვისტოს, “რუსთავი 2”-თან სამართლებრივი დავა დაიწყო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ წარმოებაში მიიღო ბიზნესმენ და “რუსთავი2”-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ.
“საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსამართლემრუსთავი 2-ის მფლობელთა წილები და ქონება კონკრეტული მტკიცებულებების და საბუთების გარეშე დააყადაღა.რუსთავი 2-ის იურისტები აცხადებენ, რომ მოსარჩელეთა ვერსიის განსამტკიცებლად ბიზნესწილის იძულებით დათმობასთან დაკავშირებით საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ დევს.სარჩელიდან ასევე ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშს წილების გარდა პრეტენზია აქვს არხის ლოგოზე, საერთაშორისო პროექტების ავტორობაზე და კომპენსაციის სახით ნახევარ მილიონს ითხოვს.არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგით მათ პირველადი შედეგებით დაასკვნეს, რომ მოსამართლემ დაუსაბუთებელი განჩინება მიიღო.რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა დადებულ ყადაღას 12 აგვისტომდე გაასაჩივრებს” – იუწყება ტელეკომპანია.