მნიშვნელოვანისიახლეები

პაატარ ბურჭულაძე 70 წლის იუბილეზე 5000 ლარით დააჯარიმეს-მას რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან სადაც არ ყოფილა

მავნებლებმა [70 წლის იუბილე] 5000 ლარიანი ჯარიმით მომილოცეს!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე წერს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მას რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან, რეალურად კი მსვლელობაში მონაწილეობდა და პარლამენტის წინ საერთოდ არ ყოფილა.
ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე 12 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა. შსს-ის წარმომადგენლებმა ჯარიმის ქვითარი მას სახლთან მიუტანეს, რომლის ამსახველი ვიდეო თავად პაატა ბურჭულაძემ ფეისბუქზე გაავრცელა.

„გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ეტყობა, გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 – ლარიანი ჯარიმით!

პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.

გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან.

კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერა ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ, ალბათ, მალე.

ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს!”, – წერს პაატა ბურჭულაძე.
პოლიციელმა მას უთხრა, რომ 12 თებერვალს, თბილისში, “პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზის ზოლს კეტავდა”, – რაზეც ბურჭულაძემ უპასუხა, რომ პარლამენტის მიმდებარედ გუშინ საერთოდ არ ყოფილა, არამედ იგი იყო ოპერის წინ, სადაც მისივე იუბილისადმი მიძღვნილ მარშში მონაწილეობდა.
პაატა ბურჭულაძემ ჯარიმის ქვითარს ხელი არ მოაწერა და პოლიციელს უთხრა, რომ “არ აღიარებს მათ მთავრობას”, თუმცა შსს-ს წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ ქვითარი ჩაბარებულად ითვლება, რადგან იგი მას უკვე გაეცნო.

ცოტა ხნით ადრე, ასევე 5000 ლარით დააჯარიმეს პარტია “ახალის” წევრი ნოდარ ჩაჩანიძე. პოლიციელები ჯარიმის ჩასაბარებლად მის სახლშიც მივიდნენ.
საჯარიმო ქვითარი მას რამდენიმე პოლიციელმა სახლში მიუტანა. ქვითრის ჩაბარებისას ჩაჩანიძეს პოლიციელმა განუმარტა, რომ მას ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 176 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილს.
შსს-ს წარმომადგენლების ჩაჩანიძის სახლში მისვლის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მისივე ცოლმა, ნინი სუხიტაშვილმა ფეისბუქლაივით გაავრცელა, რომელიც დედასთან და 3 თვის ჩვილთან ერთად იყო.

ნინი სუხიტაშვილის თქმით, პოლიციამ მას განუმარტა, რომ ჯარიმის ქვითრის ჩასაბარებლად მივიდნენ, მიუხედავად ამისა, მან კარი არ გააღო.

“დააკაკუნეს კარზე, დედაჩემი გავიდა, ისე დაიბნა, რომ აპირებდა გაღებას… როდესაც მივედი, ვკითხე რა საკითხთან დაკავშირებით იყვნენ მოსულები, მითხრეს რომ ჯარიმა უნდა ჩაგაბაროთო. ვკითხე ვისი ჯარიმა, ნოდარ ჩაჩანიძესიო.

მითხრეს, თქვენ რადგან მეუღლე ხართ, ოქმში მაინც გავაფორმებთ ჯარიმას ჩაბარებულად და მივდივართო, თუმცა მაინც არ წავიდნენ და 15 წუთში ისევ დამიკაკუნეს. მითხრა. რომ ადვოკატთან დამერეკა და ისე ჩამებარებინა. ვუთხარი ჩხრეკისთვის ხომ არ ხართ მოსულები თქო და მითხრეს არაო…”, – ჰყვენა ნინი სუხიტაშვილი.

5000 ლარით დამაჯარიმეს, გუშინ დამირღვევია ივანიშვილის ქცევის კოდექსი , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯარიმის ქვითარი სახლში მიუტანეს, თუმცა მისმა ოჯახმა არ ჩაიბარა.

„გუშინდელი ხალხმრავალი აქცია, პაატა ბურჭულაძის იუბილე ძალიან, ძალიან ეტკინათ.

ჩემებთან სახლში მივიდნენ და დედაჩემს და მამაჩემს ამცნეს, რომ თურმე სამართალდარღვევა ჩამიდენია. ჩაბარებით არ ჩაიბარეს ივანიშვილის დაცვის სამსახურში გამოწერილი ხინკლის „ჩეკი“. თავისუფლების საყიდელი ფული არ მოჭრილა, ტყუილად ზრდით მის ფასს, აუწონელია.

P.S საერთოდ სახლში არ შეუშვა დედაჩემმა ე.წ. პოლიციელები, სამშობლოს ღალატში თანამონაწილეებს სანიკიძეები არ ვუმასპინძლდებით”, – წერს სანიკიძე „ფეისბუქზე“.

7 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა, რითაც შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმეები სასამართლოში აღარ მიდის და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button