მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჰააგის გადაწყვეტილებას პუტინის დაპატიმრების საკითხზე მსოფლიო ლიდერები მიესალმებიან

პუტინი მესამე პრეზიდენტია, რომლის მიმართაც ჰააგას დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიესალმება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
ბაიდენის თქმით, გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს აგზავნის:
“ჩემი აზრით, ეს ორდერი გამართლებულია. მიუხედავად იმისა რომ ის არაა საერთაშორისოდ აღიარებული, მათ შორის ჩვენ მიერ. თუმცა ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერ პოზიციას. მან ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები,“ – აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე არის სიგნალი რუსული ელიტისთვის, რომ ძალაუფლებაში ეჭვმიტანილით მათი საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ბაზრებში დაბრუნების შანსი ნულია, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მისივე თქმით, პუტინის დაპატიმრების ორდერი ასევე არის სიგნალი დასავლელი ლიდერებისთვის, რომ პუტინთან მოლაპარაკება მხოლოდ ერთ საკითხზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მის გადაცემაზეა შესაძლებელი.
„ეს არის სიგნალი დასავლელი ლიდერებისთვის, რომ ეჭვმიტანილთან ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მისი გადაცემა შეიძლება იყოს“, – წერს კუბილიუსი „ტვიტერზე“.

დომინიკ რააბი​ აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ისტორიული მომენტია უკრაინის კონფლიქტში. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, პრეზიდენტ პუტინს გაუჭირდება გადაადგილება მთელს მსოფლიოში.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერის გაცემაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
“მათ ვისაც ჰგონიათ, რომ შეუძლიათ დღისით დანაშაულები ჩაიდინონ და ღამე მშვიდად დაიძინონ, უნდა გადახედონ ისტორიას. ბავშვებს არ უნდა ექცეოდნენ როგორც ომის ნადავლს.
ბუჩაში ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ სამწუხაროდ და ობიექტურად უკრაინა იყო დანაშაულის ადგილი და ანგარიშები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ამტკიცებს ჩვენს მიერ გამოტანილ დასკვნას. ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა დავრწმუნდეთ, რომ კანონი წინა ხაზზეა.
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ ტყვიებს ისვრიან და ბომბები ცვივა, რადგან მე მინახავს პოლონეთის საზღვარზე, ქალები და ბავშვები როგორ კვეთდნენ საზღვარს თებერვლის ბოლოს, რომ კანონი მნიშვნელოვანია ინდივიდებისთვის, რომ ის უზენაესია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი არ არის არც ერთი სახელმწიფოს და არც ხელისუფლების წინააღმდეგი. პროკურორი უნდა იყოს კაცობრიობის მეგობარი და სამართლიანობის მსახური,” – აცხადებს კარიმ ხანი.

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ​სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ამბობს, რომ რუსეთისა და მისი ლიდერის პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილება მხოლოდ დასაწყისია.

ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლის შემდეგაც ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ვიდეომიმართვაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.

„ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელი და კიდევ ერთი რუსი მაღალჩინოსანი ოფიციალურად გახდნენ ომის დანაშაულის ეჭვმიტანილები. შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი კრიმინალური ოპერაციების ჩატარება სახელმწიფოს ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე. ბავშვების დაშორება ოჯახებთან, მათი გადამალვა და რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა, მათთვის ოჯახის წევრებთან დაკონტაქტების უფლების შეზღუდვა – ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკაა, ბოროტი სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც სწორედ მისი მეთაურიდან მოდის. მადლიერი ვარ პროკურორ კარიმ ხანის და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს, ყველასი, ვინც გვეხმარება სამართლიანობისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.

“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე.

მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა.

ICC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის “მნიშვნელობა არ აქვს.”

პუტინი მესამე პრეზიდენტია, რომლის მიმართაც ჰააგას დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.

მსგავსი პოსტები

Back to top button