მნიშვნელოვანისაქართველო

დასახელდა 9 პროდუქტი რომლის ფასიც არ გაიზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ის ძირითადი პროდუქტები დაასახელა, რომელთა ფასების შენარჩუნებაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს.

როგორც დავითაშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან მოლაპარაკებები შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრინჯის, მაკარონის, მზესუმზირის ზეთის, ფქვილის, შაქრის, ხორბლის, რძის ფხვნილის, წიწიბურას და ლობიოს ფასები არ გაიზრდება.

„ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ვმუშაობდით საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, გავაკონტროლებდით ფასებს, რომ მოსახლეობისთვის ფასების ზრდა არ მოხდეს. ეს არის 9 მნიშვნელოვანი პროდუქტი. რადგანაც საზოგადოებაში არსებობს დიდი ინტერესი, ჩამოგითვლით: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო. ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, შევაჯერეთ ბიზნესთან ეს პოზიცია, ამიტომ დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, მათ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში შეგვიძლია გადავუზღვიოთ სავალუტო პლუქტუაცია. განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან კომპენსაციის სახით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ მათ იმისთვის, რომ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელზეც დამოკიდებულია მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება. შეთანხმება შედგა, თუმცა მიწოდების ჯაჭვში ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლი, რომ კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულირება. ამაზე გვექნება მონიტორინგი რადგან მნიშვნელოვანია, მომხმარებლამდე ეს ფასი მივიდეს ხელუხლებლად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება მარაგებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკმარისი სასურსათო მარაგია. მისივე თქმით, გარკვეული შეფერხება უამინდობის გამო გზებზე არსებულმა შეზღუდვებმა შექმნა, თუმცა პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button