პანკისის ხეობაში დღეს აქცია გაიმართება
პანკისის ხეობის მოსახლეობა, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარებას, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.
საპროტესტო აქცია, დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში, პარასკევის ტრადიციული ლოცვის დასრულების შემდეგ, 15:00 საათზე დაიწყება.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას გარკვეულ ვადას მისცემენ, რის შემდეგაც, მასშტაბური აქციები უკვე თბილისში გადაინაცვლებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 26 დეკემბრის დილით თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე. მათგან ერთი, თემირლან მაჩალიკაშვილი, დაიჭრა და რამდენიმე კვირის მკურნალობის შემდეგ, 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სპეცრაზმის წევრების მხრიდან სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, “დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს”.