პანკისის სათემო რადიოს მხარდაჭერას უცხადებენ
პანკისის სათემო რადიოსთან დაკავშირებულ სიტუაციას გამოხმაურებები მოჰყვა. რადიო WAY-მ რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც მის წინააღმდეგ გამართულ და დაგეგმილ აქციებზე გაამახვილა ყურადღება. ბოლო ათიოდე დღეში პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ ორი საპროტესტო აქცია გაიმართა – 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს. აქციის მონაწილეები პანკისის რადიოს დარბევით, მის დამფუძნებელს კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ. გუშინ, 8 სექტემბერს განცხადება გაავრცელა პანკისის უხუცესთა კავშირმა. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს რადიოს და პანკისელებს მოუწოდებს, რომ უპირველეს რიგში ხეობის ინტერესებია გასათვალისწინებელი.
უხუცესთა კავშირი ყურადღებას ამახვილებს, რამ გამოიწვია რადიოს წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენები. მათი თქმით, დუისში, იმ შენობაში, სადაც ფუნქციონირებს, აგრეთვე განთავსებულია პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სამკერვალო, სამკურნალო მასაჟისა და სტომატოლოგიის კაბინეტები და ორი ოჯახი. უმეტესი ფართობი კი უკავია როდი სკოტის ფონდის მიერ დაფინანსებულ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს.
„როდი სკოტის ფონდის წარმომადგენელმა, კურსების ხელმძღვანელმა წამოიწყო ეს კამპანია, მაგრამ როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ბოლომდე ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგი – მის მიერ მოწყობილი აქცია გადაიზარდა რადიო „ვეის“ და მისი დამაარსებლის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად, რაც ძალიან სამწუხაროა!“, – წერია განცხადებაში. მათი თქმით, უსამართლობაა პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ გამართული აქციები და პირადად გელა მთივლიშვილს უცხადებს მხარდაჭერას:
„ვინ არის გელა მთივლიშვილი? – პასუხი ცალსახაა, ქისტების დიდი ქომაგი, ქისტებისა და საერთოდ ყველა უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის უფლებების დამცველი. ეს არის ახალგაზრდა, რომელიც ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა არავინ ბედავდა ხმის ამოღებას, სამართლიანობის დასაცავად მედგრად იბრძოდა, ბევრი ძალადობა იწვნია, მაგრამ არ შემდრკალა“, – წერია განცხადებაში.
უხუცესთა კავშირის თქმით, გელა მთივლიშვილი იცავდა ქისტებს და ჩეჩნებს ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენების დროს, მხარში ედგა მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელსაც სამართალდამცავებმა შვილი შინ მოუკლეს. უხუცესთა კავშირი მვლიშვილს ასევე მთავარ მხარდამჭერად მიიჩნევს პანკისის ხეობაში მრავალი პროექტის განხორციელებაში და ახალგაზრდების მხარდაჭერაში.
გუშინ, 8 სექტემბერს, სამართალდამცავ უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდა სახალხო დამცველმაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, მომხდარიდან მე-10 დღეს, ჯერ მხოლოდ საქმის შესწავლა დაიწყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ მუქარა, უშუალოდ მედიის დახურვასთან დაკავშირებით და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ, ძალიან საგანგაშო და საფრთხილოა. მისივე შეფასებით, ასეთ დროს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რადგან მისი ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის დამოუკიდებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
„კოალიციის მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორი ნათია კაპანაძე ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი შემთხვევები საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისა და ინტერესების გადაკვეთაზე მიანიშნებს:
„ცხადია, რომ თითქმის წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი პროცესების განვითარება, მით უფრო, როდესაც საკითხში ჩართულები არიან პოლიტიკური წრეებიდან, ანუ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ პროცესი არ არის თვითდინებით“.
ნათია კაპანაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი საგამოძიებო უწყებების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ მედიის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით გამოძიების დაწყება საგამოძიებო ორგანოებს „არ უყვართ“, რადგან ქვეყანაში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე ეს დამატებითი პრობლემა და ბარიერია. თუმცა, მსგავი ტიპის შემთხვევები არ დაიმალება და აუცილებლად მოხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში.
სულხან სალაძე აქვე აკონკრეტებს, რომ გამოძება რომც დაიწყოს, მხოლოდ დაწყება არაფერს ნიშნავს, თუ შესაბამისი პირების პასუხისგების საკითხი არ დადგება. ასევე, თუკი მსგავსი ტიპის შემთხვევებზე გამოძიება საერთოდ არ დაიწყება, ეს უკვე შეიძლება წამახალისებელი გახდეს სხვა მორიგი შემთხვევებისთვის და უფრო რთული და მძიმე შედეგები გამოიწვიოს.