მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU-ს ქვეყნები უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვებს მიაწვდიან

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, მომდევნო 12 თვის განმავლობაში უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდონ. – ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სხვადასხვა ტიპის ჭურვები, რაკეტები და ტყვიები, კიევში მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაიგზავნება.
საუბარია ძირითადად ნატოს სტანდარტების 155 მმ-იანი საარტილერიო დანადგარების საბრძოლო მასალაზე. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ბრიუსელში ევროპელი მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მანამდე ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის სამეტაპიანი გეგმა წარადგინა. მისი წინადადებით, პანევროპული მშვიდობის ფონდი დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს უკრაინას საბრძოლო მასალის შესაძენად. კიდევ 1 მილიარდი ევრო უნდა გამოიყოს ევროპის საკუთარი რეზერვების შესავსებად. მესამე ეტაპი უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება.

უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის მიწოდება მიმდინარე წელს ევროპას დაახლოებით ორი მილიარდი ევრო დაუჯდება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 16, ასევე ნორვეგია, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

თებერვლის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დასავლელ კოლეგებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება 155-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალების 1 მილიონი ერთეული.
ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი დასავლეთს სჭირდება შეავსოს რეზერვები, რომლებიც სწრაფად იწურება.

რამდენად სწრაფად – ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, მაგრამ ცნობილია, რომ უკრაინის მიერ მოთხოვნილი მასალების გარდა, საჭიროა HIMARS-ის რაკეტების და საჰაერო თავდაცვის სისტემების მასალების მარაგების შევსება.

ევროკავშირმა უკრაინას 18 მილიარდიანი მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანში, 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტარი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს.

“დღეს ჩვენ კიდევ 1,5 მილიარდი ევრო გადავურიცხეთ უკრაინას. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება უკრაინას, გააგრძელოს წინსვლა, სანამ საკუთარ თავს იცავს და მტკიცედ აყენებს ევროკავშირის გზაზე რეფორმების მხარდაჭერით – კარგი მმართველობისა და ფინანსური სტაბილურობის მაგალითით”, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ 18 მილიარდ ევროიანი მარკო-ფინანსური დახმარების პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო უკრაინამ იანვარში მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში, აშშ-ს სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარტნიორთა წრე, რომლებსაც რუსეთის აგრესიის დასასჯელად ერთობლივად მუშაობა სურთ, აქტიურად ფართოვდება.

“ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს, პირველ რიგში თავდაცვაზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორები შეთანხმდნენ ერთობლივ გეგმაზე ჩვენთვის არტილერიისა და ჭურვების მოწოდების დაჩქარების მიზნით. ეს 2 მილიარდ ევროს შეადგენს და ითვალისწინებს როგორც სასწრაფო მიწოდებას, ასევე საბრძოლო მასალის წარმოებას. დღეს გამოცხადდა ახალი თავდაცვის პაკეტი შეერთებული შტატებიდან. თანხა 350 მილიონი დოლარია. ეს არის რაკეტები “ჰაიმარსისთვის” საარტილერიო ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა – ყველაფერი რაც ნამდვილად გვჭირდება, ჩვენი მეომრების დასახმარებლად. პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. არ არის საკმარისი, მხოლოდ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. საჭიროა, ასევე სამართლიანი და კანონიერი სასჯელი თავდაპირველი დანაშაულისთვის. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ტრიბუნალი. ყოველდღე ჩვენ მის შექმნას ვაახლოებთ. დიდება ყველას, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას! დიდება უკრაინას!”, – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button