პანკისში ყურანზე დაფიცების ცერემონია გაიმართება

დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ქისტური წესით, ყურანზე დაფიცების ცერემონია შედგება.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თემის წინაშე, ტერორიზმის მხარდაჭერისათვის სასჯელმოხდილმა ბაადურ ჩოფანაშვილმა უნდა დაიფიცოს.
საქმე შეეხება ჩვენებას, რომელიც მან ტერორიზმის ხელშეწყობისთვის დაწყებულ საქმეზე გამოძიებას მისცა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, ჩოფანაშვილის ჩვენების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რასაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება მოჰყვა.
ბაადურ ჩოფანაშვილის განმარტებით, მას გამოძიებისთვის მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და სიმართლის დასამტკიცებლად, ქისტური წესით ფიცის დასადებად, მზად არის.
პანკისის ხეობის უხუცესი, ჯარაფ ხანგოშვილის ინფორმაციით, დაფიცება, თემის თვალწინ, ყურანზე ხელის დადებით უნდა მოხდეს.
” ჩვენი წესით, დაფიცება ნიშნავს იმას, რომ პირმა ყურანზე ხელი დაადოს და წარმოთქვას ტექსტი უშუალოდ იმ ფაქტის უარყოფის თაობაზწ, რასაც ედავებიან. ამის შემდეგ, ყოველგვარი მტრობა გვარება შორის შეწყდება, თუმცა მათ შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა არ იქონიონ. თუ აღმოჩნდა, რომ ვინმემ ტყუილად დაიფიცა, ის თემში ყოველგვარ ავტორიტეტს დაკარგავს”- განმარტა ხანგოშვილმა რადიო ჰერეთთან.
ბაადურ ჩოფანაშვილი, თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმეტ ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 22 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.
პანკისის ხეობაში, ჩოფანაშვილის გარდა, რამაზ მარგოშვილი, ზურაბ გორნაკაშვილი, და რუსლან ალდამოვი დააპატიმრეს.
ბადურ ჩოფანაშვილს, სასამართლომ აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მსჯავრდებულმა 3 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობითად, 6 წლიანი გამოსაცდელი ვადით.