პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად, რომში მთელი მსოფლიოდან 400 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა

იტალია, რომი, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა, თუთიით გაწყობილი უბრალო ხის სასახლე, ჩასასვენებელში თავისი პონტიფიკატის დროს მოჭრილი მონეტების და გაწეული ღვაწლის აღწერის გარეშე – რომის პაპი ფრანცისკე 2022 წლის 29 ივნისით დათარიღებული ანდერძის მიხედვით დაკრძალეს.
კათოლიკური ეკლესიის 266-ე მეთაურის დაკრძალვა ვიწრო წრეში, რამდენიმე კარდინალის, ასევე ფრანცისკეს პირადი ექიმის და პაპთან დაახლოებული პირების მონაწილეობით გაიმართა. ცერემონიას კარდინალი კევინ ფარელი ხელმძღვანელობდა. სწორედ მან დალოცა ხის სასახლე, სანამ ფრანცისკეს ცხედარს დაკრძალავდნენ.
პაპი ფრანცისკე 1903 წელს ლეო მეცამეტის დაკრძალვის შემდეგ პირველი პაპი გახდა, რომელიც ვატიკანის გარეთ დაკრძალეს.
სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს.
წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცერემონიის დროს იტალიელმა კარდინალმა, ჯოვანი ბატისტა რემ ქადაგება წაიკითხა, გაიხსენა პაპი ფრანცისკეს ცხოვრება და ღვაწლი. ისაუბრა კათოლიკური ეკლესიის 266-ე მეთაურის სურვილზე – მსოფლიოში მშვიდობა დამყარებულიყო. “ააშენეთ ხიდები და არა კედლები” – პაპ ფრანცისკეს ეს სიტყვები დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას არაერთხელ გაახსენეს. გაიმართა ზიარებაც, რომლის დროსაც პური და ღვინო აკურთხეს. ცერემონიის ბოლოს კი, წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვა ზარების რეკვამ შეცვალა.
პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად, რომში მთელი მსოფლიოდან 400 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა
პონტიფიკოსთან გამოსამშვიდობებლად იტალიაში, მთელი მსოფლიოდან 150-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენლობა ჩავიდა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად 2013 წლის მარტში აირჩიეს. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში. კათოლიკური ეკლესიის 266-ე მეთაურს მშობლიურ არგენტინაშიც განსაკუთრებულად დაემშვიდობნენ, სადაც ემოციებს ვერც მორწმუნეები და ვერც სასულიერო პირები იკავებდნენ.