მნიშვნელოვანისიახლეები

პაპუაშვილის თქმით საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ.
აქედან გამომდინარე, ქართული დელეგაციის მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა კენჭისყრაზე არ დაფიქსირებულა.

“არა, არაფერს მხარი არ დაუჭერია. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ და ასეთი დეზინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენი მხარდაჭერა მას არ აქვს, თუმცა, თავად დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონის და უკრაინის დელეგაციის, ასევე ცნობილი ჯგუფების – უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია, რომ ასე უნდათ დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ის ნახევარი წინადადება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი არანაირი მხარდაჭერა არ ექნებოდა”, – ამბობს ის.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეზოლუციის კრიტიკის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ მას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია სხდომაზე ქართული ოცნების წარმომადგენელმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა.

ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეამ მიიღო “პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები”, რომელშიც საქართველოს საკითხზეც არის საუბარი – “რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ.”

დოკუმენტში ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო. ასევე ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკას.
ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეამ მიიღო “პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები”, რომელშიც საქართველოს საკითხზეც არის საუბარი – “რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ.”

დოკუმენტში ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო. ასევე ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკას.

შეუძლებელია, ერთი ხელით მოითხოვდე ეუთო-ს პრინციპების პატივისცემას და მეორე ხელით არ სცემდე პატივს ეუთო-ს დასკვნას, სადაც მკაფიოდ წერია, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და, ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, გამოხატული იყო თავისუფლად მოსახლეობის არჩევანი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეასთან ნაყოფიერად თანამშრომლობდა, რომ დეკლარაციაში, ასევე თანმხლებ სხვადასხვა რეზოლუციაში, მოხვედრილიყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერები.

„ამ დღეების განმავლობაში, როგორც საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე მანამდე, სამუშაო რეჟიმში, ძალიან ნაყოფიერად, კონსტრუქციულად ვთანამშრომლობდით ასამბლეასთან, რომ დეკლარაციაში, თანმხლებ სხვადასხვა რეზოლუციაში მოხვედრილიყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერები – იქნებოდა ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ოკუპირებული რეგიონები და იქ არსებული ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე მდგომარეობა, რუსული ოკუპაცია. საზოგადოებამ იხილა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის პირადი, ძალიან აქტიური საქმიანობით გაკეთებული ჩანაწერი სირიის ხელისუფლებისადმი, რომ უკან გაიწვიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ასევე იყო სავაჭრო ურთიერთობის საკითხები, კორიდორის საკითხები, ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები, ენერგეტიკის, რეგიონული მშვიდობის და ა.შ. ეს საკითხები ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად ჩაიდო როგორც დეკლარაციაში, ასევე მის თანმხლებ რეზოლუციებში. დიპლომატიური საქმიანობით ვიყავით დაკავებული, რომ მაქსიმალურად ასახულიყო საქართველოსთვის საინტერესო და საჭირო ჩანაწერები. ვნახეთ ჯო უილსონის და მისი ზოგიერთი მხარდამჭერის ძალიან აქტიური, საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობა, როგორ შეაპარეს მოკლე, მაგრამ ძალიან დამაზიანებელი რამდენიმე მუხლი საქართველოსთან დაკავშირებით. კომიტეტზე ამ რეზოლუციის განხილვის და დეკლარაციის განხილვის დროს არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ ამოგვეღო ეს ჩანაწერები, სიტყვასიტყვით მივყვებოდით თითოეულ იმ დეზინფორმაციულ ნარატივს, რაც იყო გაშლილი ამ რეზოლუციაში და დეკლარაციის ამ კონკრეტულ ნაწილში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულმა დელეგაციამ კომიტეტზე წინააღმდეგობა გაუწია ასეთ ფორმულირებებს და დეკლარაციაში ამ ნაწილის წინააღმდეგ მისცა ხმა.

„თუმცა, პლენარულ სესიაზე ვნახეთ, რომ მაინც მიიღეს ეს დეკლარაცია და ჩარჩა ეს კონკრეტული ჩანაწერი. საქართველო, ჩვენი დელეგაცია ამ რეზოლუციას წითელი ხაზის გამო, რაც დაკავშირებულია ახალი არჩევნების ჩატარებასთან, მხარს ვერ დაუჭერდა. ჩვენ, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერებით ხდება როგორც ეუთო-ს, ასევე მისი სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაცია, ხდება ძირის გამოთხრა და სანდოობოს დაკნინება. შეუძლებელია, ერთი ხელით მოითხოვდე ეუთო-ს პრინციპების პატივისცემას და მეორე ხელით არ სცემდე პატივს ეუთო-ს დასკვნას, სადაც მკაფიოდ წერია, რომ არჩევნები საქართველოში შედგა, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და, ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, გამოხატული იყო თავისუფლად მოსახლეობის არჩევანი. საზოგადოებამ დელეგაციის სამივე წევრის მოწოდება ნახა, რომ ცალკეულ ჩანაწერებზე თანახმა ვიყავით, მაგრამ ერთიანობაში, ამ წითელი ხაზის გამო, ვერ დავუჭერდით მხარს საბოლოო დოკუმენტს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის განცხადებით, მედიის ნაწილს, რომელმაც თქვა, რომ ქართულმა მხარემ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, შეეძლო, ინფორმაცია ქართულ დელეგაციასთან ან პარტიაში გადაემოწმებინა.

„ნახავდნენ ჩვენს დამოკიდებულებას, გაიგებდნენ, რეალურად რა გავაკეთეთ. ამ დღეების განმავლობაში საზოგადოება ხედავდა, რომ ვეწინააღმდეგებოდით რეზოლუციაში კონკრეტულ ჩანაწერებს, ვერ მივცემდით შესაძლებლობას, ჩვენი მხრიდან გასულიყო ესა თუ ის ჩანაწერი, მით უმეტეს, მხარი დაგვეჭირა ამ ჩანაწერისთვის. არგუმენტირებულად მივყვებოდით თითოეულ ფორმულირებას. გვიჩნდება განცდა, რომ მათი მიზანი იყო, გადაეფარათ ის კარგი ამბები, რომლებიც იყო ამ დეკლარაციაში. ვგულისხმობ სირიის ხელისუფლების მიმართ მოწოდებას, რომელიც პირველად გაჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში. პირველად შევძელით, ეს ჩანაწერი გაჩენილიყო ამ დოკუმენტში, მიუხედავად იმისა, რომ ჯო უილსონს, ვისი ინიცირებულიც იყო ეს საკითხი, სიტყვა არ ჰქონდა საქართველოზე. ზოგადად, სურდათ ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაცია მოეხდინათ. სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის. დასანანია, მედია, რომლის უკან, როგორც ვიცით, დგას ევროკავშირის გადასახადების გადამხდელების ფული, აღმოჩნდა ასეთი დეზინფორმაციის, ყალბი ამბების გავრცელების ავტორი. მზად ვართ, თუ რაიმე ინფორმაცია დააინტერესებთ, ჩავერთოთ, მივაწოდოთ კეთილსინდისიერი ინფორმაცია, დანარჩენი მათ კეთილსინდისიერებაზე იყოს. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომ საქართველოსთვის სასარგებლო ჩანაწერები გაკეთებულიყო. უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, მომავალშიც გავაგრძელებთ, ყველას, მათ შორის, ეუთო-ს და ყველა პარტნიორს, რომელთაც აქვთ რეალური ინფორმაციის მიღების სურვილი, მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოსთვის სასარგებლო ჩანაწერები იყოს ასახული ყველა საერთაშორისო დოკუმენტში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები გააკრიტიკა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული შესწორებები, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება მრავალი თვალსაზრისით აბსურდულია.

„პირველი ორი წინადადება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს. შესაბამისად, მსურს ვკითხო პოლონელ დეპუტატს, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია, რატომ ცდილობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის ძირის გამოთხრას? რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში… თუ დღეს ხდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და პიროტექნიკითა და „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა, ხვალ, ამავე ლოგიკით, შეიძლება გვიწოდონ სპილოები და თუ უმრავლესობას ეს ტერმინი მოეწონება, მაშინ მსგავსი აბსურდი შეიძლება რეზოლუციაში მოხვდეს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და ეუთო-ს საქართველოში პატივს სცემენ. დამატებით პუნქტებში ასახული აბსურდული განცხადებებით კი, ეუთო დაკარგავს ქართულ საზოგადოებაში სანდოობას.

ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას, ასევე ისაუბრა ანგარიშში გაკეთებულ იმ შესწორებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საგანგაშოა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ხელისუფლების კავშირების გაძლიერება.

„ვფიქრობ, ამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველო ამ ასამბლეაში, უკრაინასთან ერთად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა სახის კავშირების გაძლიერებაზეა საუბარი? ვფიქრობ, ინიციატივის ავტორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რა კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საკითხს, რომელიც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ეს თემა სცდება ეუთო-ს უფლებამოსილებას.

საუბრის დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა შესწორება, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდირება, რისთვისაც შესაბამის კანონებს იღებენ.

„მოხარული ვიქნები მოვისმინო, რომელ კანონებზეა საუბარი, არის თუ არა ისინი ანტიდემოკრატიული ან არაკონსტიტუციური და რა დებულებებია ამ კანონებში. არ შეიძლება რომ მტკიცებულებების გარეშე ვისროდეთ რაღაც განცხადებებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისშია, რადგან მან ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში.

„ჩვენი დებატების თემა არის ეუთო ჰელსინკიდან 50 წლის შემდეგ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაცია ახლა ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა. ის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის შექმნასაც ის ცდილობდა წევრი სახელმწიფოებისთვის, უკვე დანგრეულია. ჩემი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიები უკვე 17 წელია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვერაფერს ახერხებს სტატუსკვოს შესაცვლელად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრის მცდელობაზე, „გააჩუმონ და ორგანიზაციიდან გარიცხონ დელეგაციის ის წევრები, რომლებიც არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს“.

„ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ასამბლეის რამდენიმე წევრმა წერილით მიმართა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომ ქართული დელეგაციის წევრები არ შემოეშვა ქვეყანაში. ეს არის სამარცხვინო ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო-ს და ზოგადად პარლამენტარიზმის პრინციპებს“, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა არის კიდევ ერთი განცდილი კრახი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ.

„ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად მკაფიოდ, შავით თეთრზე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ პირობებში და რომელიც ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პროცესი და შედეგები ვერ იქნება აღქმული, როგორც დემოკრატიული პროცესი და შესაბამისად, ამბობს, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები, რომელიც ტარდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს სახელწოდებით „რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“.

რეზოლუციის მიხედვით ეუთო:

1. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა,

2. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებს,

3. გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის,

4. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო,

5. გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით.

6. აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას,

7. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდი [ნეგატიური] რიტორიკისა და მისი სრულიად მიუღებლად მიჩნევის გამო,

8. უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების გამყარება შეშფოთებას იწვევს საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:

9. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

ა. შეამსუბუქოს სიტუაცია და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და აღადგინოს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ;

ბ. პატივი სცეს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ; და

გ. დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას;

10. აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირებით და საკუთარი ქვეყნის მომავლის ევროპაში დანახვით;

11. ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები.

მსგავსი პოსტები

Back to top button