კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარადოქსული დასკვნა: გიორგი ორი დღე ცოცხალი იყო

გიორგის შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე, შსს-ს მოთხოვნით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად, კიდევ ერთი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმოებას დაიწყებს. ამჯერად უკვე, ექსპერტებს მოუწევთ დააკონკრეტონ ის რამდენიმე დეტალი, რაც საზოგადოებას და მათ შორის, პროკურატურასაც დიდ კითხვის ნიშნებს უჩენს.

პარადოქსი პირველი: გვამური გაშეშება

როდესაც დგება სიკვდილი, რამდენიმე საათში ცხედარი შეშდება, რა დროსაც მას სახეს და სხეულის კიდურებს უფიქსირებენ.

22 ივნისს 15:05 წუთზე ხდება წყლიდან ამოყვანის შემდეგ სხეულის დათვალიერება, დასკვნაში შავით თეთრზე წერია: „სხეულს გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუკი გიორგი 19 ივნისის ღამეს დაახლოებით 3 საათზე გაუჩინარდა, როგორ შეძლო ორგანიზმმა გვამური გაშეშება 84 საათის მანძილზე. მსგავსი პრეცედენტი ბუნებაში არ არსებობს, რომ გაშეშება სხეულს 36 საათის შემდეგ არ მოეხსნას და თან, – ზაფხულში.

პარადოქსია, თუმცა ამავე დროს, შოკისმომგვრელიც, რომ შესაძლოა, ზუსტად 36 საათის წინ, ან მაქსიმუმ 48 საათის წინ, გიორგი ცოცხალი იყო.

“მთავარმა არხმა” ცნობილ უკრაინელ სასამართლო ექსპერტს, კრიმინალისტ გალინა კარმოშინას კომენტარი სთხოვა და ჰკითხა, თუ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი, რომ გარდაცვლილს 4 დღე გვამური გაშეშება ეტყობოდეს.

ექსპერტის პასუხი: “ცხედარი რომელიც აღმოჩენილი იქნა წყალში, მე ექსპერტიზის პასუხების და ფოტოების საფუძველზე, გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ის 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს ჰქონდეს 84 საათის მანძილზე.”

პარადოქსი მეორე: როდის დადგა სიკვდილი?

წყლიდან ამოყვანის შემდეგ, სხეული ექსპერტიზაზე გადააქვთ, თუმცა იქ მითითებულია, რომ გვამური გაშეშება მოხსნილია. ისმის კითხვა: როგორ? გვამური გაშეშების მოხსნასაც საათები სჭირდება.

ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ისიც, რომ ექსპერტიზა არ წერს დროს, თუ როდის დაწყო დათვალიერება ცხედარზე და რომელ საათზე მოეხსნა ცხედარს გაშეშება.

თუკი ექსპერტიზა ამას მიუთითებდა, ჩვენ ზუსტად გვეცოდინებოდა როდის გარდაიცვალა გიორგი, თუმცა უკვე ცალსახაა, რომ თავდასხმიდან დღენახევარი-ორი დღის მანძილზე, გიორგი ცოცხალი იყო. გარდაცვალების შემდეგ კი, 36 -დან 48 საათამდე, ცხედარი გაშეშებული იყო.

იქვე პროკურატურა ადეკვატურად რეაგირებს და კითხვით მიმართავს ექსპერტიზას, დააკონკრეტონ, როდის დადგა სიკვდილი? ექსპერტიზა დროს ვერ უთითებს, თუმცა წერს:

„სიკვდილის დადგომიდან გვამის სასამართლო-მედიკური წესით გამოკვლევამდე, გასულია 48 საათზე მეტი დრო.” ანუ გამოდის, რომ სიკვდილი დადგა 20 ივნისს გვიან – 21 ივნისის ღამეს.

ეს ყველაფერი ხდება ზაფხულში, როცა მდინარის საშუალო ტემპერატურა პლიუს 15-20 გრადუსია.

პარადოქსი მესამე: მოლურჯო – მოიისფრო სისხლნაჟღენთები

დაზიანებებში ვკითხულობთ, რომ სახეზე აღენიშნება მოლურჯო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი.

თუკი გიორგი 19 ივნისს გარდაიცვალა წყალში, როგორ განუვითარდა წყალში გარდაცვლილს სიკვდილის შემდეგ წყალში ე.წ. “სინიაკი”? თუკი მსოფლიოში მთავარ საერთაშორისო საექსპერტო პროტოკოლს მივყვებით, სტამბულისა და მინესოტას პროტოკოლში განსაზღვრულია, რომ სიკვდილის დადგომის შემდეგ, არც ერთ სხეულზე არ ფიქსირდება მოლურჯო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი. მსგავსი მოლურჯო დაზიანება ახალი, ან 36 საათის წინ განვითარებულია, ანუ მაშინ, როცა სხეული ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ტრავმები და ეგრეთ წოდებული “სიანიაკები” სხეულზე, მათ შორის სახეზე, ეს სიცოცხლის პერიოდშია მიყენებული. ის აშკარად, ცოცხალი იყო დღენახევარი – 2 დღე, რა დროსაც მის სხეულზე ცოცხალი პროცესები მიმდინარეობდა და დალილავებული ადგილები სივდებოდა.

გარდაცვლილ სხეულზე, მით უფრო ზაფხულში და თბილ წყალში, არ ვითარდება არანაირი სიცოცხლისთვის დამახასიათებელი მოლურჯო -მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთები, როგორც ეს ექსპერტიზაშია დაწერილი.

პარადოქსი მეოთხე: თავის ტვინის დაზიანება – კომა

ექსპერტიზა წერს: “ტვინი ჩვეულებრივ განაკვეთზე მოთეთრო მორუხო, საზღვარი გასარჩევია, პარკუჭები ნაპრალისებრი ფორმის, ეპენდიმა სადა, კრიალა, – შეიცავს შემღვრეულ თავ-ზურგ-ტვინის სითხეს მოჭარბებული რაოდენობით” და იქვე აგრძელებს, რომ ქალას ფუძე მთელია.

სრულიად ალოგიკურია. ანუ, თავ-ზურგ-ტვინის სითხე მოჭარბებული და შემღვრეულია, თუმცა იქვე წერენ, რომ ქალა მთელია.

ცასლახაა, რომ ტვინი დაზიანებულია, რამაც საბოლოოდ, კომატოზური ტრავმა გამოიწვია, თუმცა არსად გვხვდება, რომ სხეულს ჩაუტარდა კატე, რომ გაეგოთ, იყო თუ არა მოტეხილობა ან ფუძის დაზიანება, ან იყო თუ არა ის გაბზარული, რამაც ეს უმძიმესი ტრავმა თავ-ზურგ-ტვინის სითხის მოჭარბება და შემღვრევა გამოიწვია.

იქვე ვკითხულობთ, რომ სახისა და კიდურების ძვლები ხელის შეხებით მთელია. როგორ შეძლო ექსპერტიზამ 21-ე საუკუნეში მხოლოდ თვალით და ხელებით დაეთვალიერებინა ძვლები, თან, როცა ექსპერტიზა ცალსახად აღნიშნავს, რომ მარჯვენა მტევანი მიქცეულია?

მაშინ უნდა განისაზღვროს, რატომაა მტევანი მიქცეული, თუ ის არ არის მოტეხილი, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ სხეული უმწეო იყო, როცა ის მდინარეში მოხვდა, რადგან თავის არეში მიყენებული იყო კომატოზური ტრავმა. ალოგიკურია, როგორ შეძლო ქართველმა ექსპერტმა, დაენახა თვალით ფუძის ძვლის დაზიანებები, ან მთელი სხეულის, რამაც საბოლოოდ, ტვინის სითხის შემღვერვა გამოიწვია.

პარადოქსი მეხუთე: “მრეცხავის ხელები”

მას შემდეგ, რაც სხეული წყლიდან ამოაქვთ, ხდება პირველადი დათვალიერება. ფოტოებზე აშკარაა ხელის გულებზე გამოხატული ე.წ. „მრეცხავის ხელები“, რასაც შემდგომ უკვე ექსპერტიზაც ადასტურებს. თუკი სხეული 4 დღე წყალში იყო, თან ზაფხულში, სადაც საშუალოდ წყლის ტემპერატურა 15-დან 20 გრადუსამდე გათბებოდა, წარმოუდგენელია, როგორ არ დაიწყო 4 დღის გარდაცვლილზე მაცერაციის პროცესი ანუ კანის განცალკევება. ეს კიდევ ერთი საეჭვო არგუმენტია და იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი ახალი გარდაცვლილია.

პარადოქსი მეექვსე: პლანქტონი თირკმელში

ამერიკაც და ცივილიზებული ევროპაც, თუკი სტამბულის ან მინესოტას პროტოკოლით ვიხელმძღვანელებთ, დახრჩობის ფაქტს ადასტურებს მას შემდეგ, რაც წყლის მიკროორგანიზმები, პლანქტონები ძვლის წითელ ტვინს მიაღწევს. როგორც სამხარაულის ექსპერტიზა იუწყება, პლანქტონი აღმოჩენილია თირკმელში, ხოლო ძვალზე კვლევა არსად ჩანს. ის არც მომდევნო საკვლევადაა გადაგზავნილი. ასფიქსიის ფაქტს მხოლოდ თირკმელის არგუმენტით ვიჯერებთ. თუკი შემთხვევის ადგილი მართლაც მდინარე იყო, რატომ არ მოხდა წყალში ანალიზი პლანქტონზე აღნიშნულ ტერიტორიაზე?

კითხვები კიდევ მრავლადაა, თუმცა როდის იქნება მზად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნა, ამის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, 22-23 ივლისს გახდება ცნობილი.

პირველი ექსპერტიზის დასკვნის დაწერა საკმაოდ გაჭიანურდა. მას 18 დღე დასჭირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამჯერად ის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მომზადდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button