მსოფლიოსიახლეები

პარიზელმა ექიმმა აფრიკელებს ბოდიში მოუხადა

პარიზელმა ექიმმა, კოჩინის ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟან-პოლ მირამ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის აფრიკაში ტესტირების ინიციატივით გამოდიოდა, ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ექიმის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას მძლავრი კრიტიკა მოჰყვა.

„აფრიკა სატესტო ლაბორატორია არაა“, – განაცხადა ყოფილმა კოტ-დივუარელმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ. მაროკოს ადვოკატთა ასოციაცია კი, ექიმის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს. ფრანგულ არასამთავრობო ორგანიზაცია SOS Racisme-ში აღნიშნეს, რომ აფრიკელები ზღვის გოჭები არ არიან.

ამის შემდეგ ჟან-პოლ მირამ აფრიკელებს ბოდიში მოუხადა. „ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ტკივილი და შეურაცხყოფა მივაყენე ჩემი განცხადებით“, – აღნიშნა ჟან-პოლ მირამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button