პარიზი ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლას იწყებს [Video]
გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 2024 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძლობისთვის იბრძოლებს.
ფრანგული ქალაქი რიგით მეოთხე კანდიდატი გახდა. უფრო ადრე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი შეიტანეს: რომმა, ბოსტონმა და ჰამბურგმა.
“გვჯერა, რომ ჩვენი განაცხადი სიხარულს მოუტანს და გააერთიანებს პარიზის მოსახლეობას და მთელს ქვეყანას”, – განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ბერნარ ლაპასემ.
პარიზი 1900 და 1924 წლებში მასპინძლობდა ზაფხულის თამაშებს, გარდა ამისა, წააგო 1992, 2008 და 2012 წლების არჩევნები.
ფრანგულ მხარეს ინფრასტრუქტურის შესაქმნელად 3 მილიარდი ევროს დახარჯვა აქვს დაგეგმილი, სხვა ხარჯებმა 3.2 მილიარდი ევრო უნდა შეადგინოს. საგანაცხადო პროექტის ღირებულება 60 მილიონ ევროს უტოლდება.
ელოდებიან, რომ განაცხადების შეტანის ბოლო ვადამდე – 15 სექტემბრამდე მეხუთე კანდიდატი გახდება უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი.
2024 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძელს 2017 წელს აირჩევენ.