პარიზის ტერაქტების შემდეგ საქართველოს საზღვრებზე 32 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 14 –იდან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს. ამავე პერიოდში საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, დააკავეს საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე.
საქართველოს საზღვრებზე სავიზო კონტროლი გამკაცრდა. ყველა გამშვებ პუნქტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მგზავრებისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ და ვიზიტის მოტივაციას ადგენენ.
გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ მიიღო.
უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით მოწმდება სამგზავრო დოკუმენტები, სატრანზიტო მგზავრთა ნაკადი, რათა ეგრეთ წოდებული მაღალი რისკების მქონე ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს გავლით, სხვა ქვეყნებში არალეგალურად არ მოხვდნენ.