პატიმარი ქალები ომში ცოცხალი ძალის დანაკარგის შესავსებად
ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია

რუსეთმა დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცოცხალი ძალის დანაკარგის შესავსებად გადაისროლა პატიმრებით სავსე ეშელონი, რომელშიც ქალი მსჯავრდადებულებიც იმყოფებოდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაცია გამოცემა „ვაჟნიე ისტორიისთან“ დაადასტურა მოძრაობა „რუს სიდიაშჩაიას“ დამფუძნებელმა, ოლგა რომანოვამ. მან განაცხადა, რომ ქალები რუსეთის სამხრეთში არსებული კოლონიებიდან გაიყვანეს.
“გასულ კვირას, დაფიქსირდა პატიმრების გადასაყვანი ვაგონებიანი მატარებლის მოძრაობა დონეცკის რეგიონში. ერთ-ერთ ვაგონში მსჯავრდადებული ქალები იმყოფებოდნენ“, – აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
ოლგა რაომანოვას თანახმად რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ ასეთი აქცია გასული წლის ბოლოსაც განახორციელა. „ისინი რუსეთის სამხრეთ რეგიონში არსებული კოლონიებიდან წაიყვანეს. ზუსტად ზონა არ ვიცი, მაგრამ ისინი მუშაობდნენ კუშჩევკაში (კრასნოდარის მხარე). სადღაც ორი თვის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში, სათბურებსა და ძროხების ფერმაში ჰყავდათ“, – ამბობს რომანოვა, რომელიც დასძენს, რომ იქ მყოფი დაახლოებით ასი პატიმარი ქალი შემდგომში უკრაინაში გაგზავნეს.
ამავე დროს, ოლგა რომანოვას თქმით, რუსეთის ციხეებში მყოფი პატიმრების გადაბირებას და უკრაინაში საომრად გაგზავნას ამჟამად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ.
მისი თქმით, ამჟამად ცნობილია მინიმუმ ორი სასჯელაღსრულების კოლონია-ვოლგოგრადისა და კემეროვოს რეგიონებში – სადაც პატიმრები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გადაიბირეს. მანამდე პატიმრების გადაბირებით ძირითადად კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის“ წარმომადგენლები იყვნენ დაკავებული. კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად რამდენჯერმე ჩავიდა კოლონიებში და პატიმრებს აგიტაციას უწევდა უკრაინაში ომში წასასვლელად.
როგორც ჩანს, კერძო სამხედრო გაერთიანება „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებამ „დუღილის ტემპერატურას“ მიაღწია, მიიჩნევს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW).
ის ფაქტი, რომ „ვაგნერი“ იძულებულია ბახმუტისთვის ბრძოლაში არა მხოლოდ პატიმრები, არამედ საკუთარი ელიტური ძალები გამოიყენოს, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს იმისთვის, რომ შეასუსტონ პრიგოჟინის პოზიციები და ამბიციები, დიდი გავლენა ჰქონდეს კრემლში.
ისინი იხსენებენ პროგოჟინის პრეტენზიებს საბრძოლო მასალების ნაკლებობასა და პატიმართა გადაბირებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე.
“პრიგოჟინი, ალბათ, მოელოდა, რომ უკრაინული ძალები მთლიანად გავიდოდნენ ბახმუტიდან ალყაში მოქცევის საფრთხის გამო და იმედოვნებდა, რომ ამისთვის საკმარისი იქნებოდა „ვაგნერის“ ელიტური ძალების ჩართულობა. მან, დიდი ალბათობით, დაარწმუნა პუტინი, რომ შეეძლო ქალაქის ხელში ჩაგდება, თუ ექნებოდა საბრძოლო მასალებზე წვდომა და რეკრუტირების კამპანიის გაფართოების შესაძლებლობა”, – მიიჩნევენ მოხსენების ავტორები.
მათი მოსაზრებით, პუტინმა პრიგოჟნს ამ რესურსებზე წვდომის უფლება მისცა, რადგან ის შესაძლოა, ყოფილიყო იმედგაცრუებული რუსეთის სამხედრო მეთაურებით, რომლებიც ფუჭად ხარჯავდნენ რეზერვებს, ხელშესახები შედეგების მიუღწევლად. “პუტინის გადაწყვეტილებამ, მიმხრობოდა პრიგოჟინს, სავარაუდოდ, გაანაწყენა შოიგუ და გერასიმოვი, რადგან პრიგოჟინი გასული წლის მაისიდან აწარმოებს დაუნდობელ ცილისმწამებლურ კამპანიას სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ”, – იხსენებენ ანგარიშის ავტორები. რომელთა მოსაზრებითაც, “შესაძლოა, პრიგოჟინს არ ჰქონდა განზრახული პირადად პუტინის გამოწვევა, მაგრამ პუტინი ხედავდა საფრთხეს პრიგოჟინის აგრესიულ თვითრეკლამაში იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც პუტინი ენდობოდა (ბოლოს და ბოლოს, შოიგუ და გერასიმოვი წლების განმავლობაში პუტინის ერთგულები იყვნენ)”.
საბოლოოდ, ISW-ის თანახმად, იანვარში პუტინმა თავდაცვის სამინისტროს უფლება მისცა, ბახმუტის მიმართულებაზე კონტროლი დაებრუნებინა, რადგან “ვაგნერის” ძალებმა ვერ მიაღწიეს წლის ბოლომდე დაპირებულ გამარჯვებას. შესაძლოა, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ასევე შეძლო პუტინის დარწმუნება, რომ “ვაგნერის” ძალებში რესურსების ჩადება არ არის კარგი ინვესტიცია, ვინაიდან საბრძოლო მასალის ნაკლებობას არმიაც განიცდის.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, პრიგოჟინი ახლა, სავარაუდოდ, პატიმრების გადაბირებიდან “თავისუფალი მოქალაქეების” გადაბირებაზე გადავიდა. უკანასკნელ დღეებში „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში შეხვედრები გამართეს სტუდენტებთან და მათ „ახალგაზრდა მებრძოლის ანკეტები“ დაურიგეს. ანგარიშის ავტორთა განცხადებით, პატიმართა ნახევარი, რომელთა მობილიზებაც „ვაგნერმა“ უკრაინაში ომისთვის შეძლო, სავარაუდოდ, უკვე დაიღუპა ან დაიჭრა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, პრიგოჟინის ახალი ინიციატივები, სავარაუდოდ, ვერ დააკომპენსირებს პატიმართა ნაკადში განცდილ ზარალს.
ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელი, სერგეი პრიგოჟინი აცხადებს, რომ დაჯგუფებას ბახმუტის ბრძოლების შემდეგ იდეოლოგიურ სამხედრო ორგანიზაციად გარდაქმნის.
როგორც ISW-ის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებშია საუბარი, პრიგოჟინმა 11 მარტს განაცხადა, რომ ვაგნერის დაჯგუფება “ბახმუტის აღების შემდეგ”, იდეოლოგიურ დეტალებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება – ამის ფარგლებში, დაჯგუფებამ მთელი რუსეთის მასშტაბით უკვე დაიწყო რეკრუტირების ცენტრების გაფართოება, მათ შორის 6 ახალი ცენტრი გახსნა სკოლებსა და სპორტულ კლუბებში.
რუსულმა ოპოზიციურმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრომ მურმანსკის ოლქში გაკვეთილებზე ვაგნერის წარმომადგენლები ჩართო, რომლებიც მათი იდეოლოგიის პოპულარიზაციას ცდილობენ და “გმირულ ისტორიებს” ჰყვებიან.
ISW აქვე მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, ვაგნერის დაჯგუფება მიზნად ისახავს, ახალგაზრდებზე ორიენტირებული ამ კამპანიების შედეგად, დაჯგუფება ამ ახალგაზრდებით დააკომპლექტოს და მათ რუსული ულტრანაციონალიზმის შესახებ პრიგოჟინის ექსტრემისტული იდეოლოგია შთააგონოს.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია.
“დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია, რადგან მტერი აგრძელებს უკრაინის ჯარების თავდაცვის გარღვევის მცდელობას და ქალაქის ცენტრალურ რაიონებში წინსვლას.
მძიმე ბრძოლების დროს უკრაინელი დამცველები მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ. ისინი საარტილერიო ცეცხლით, ტანკებითა და სხვა იარაღით მტრის მიერ ქალაქის აღების მცდელობებს იგერიებენ”, – თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
უკრაინის ცნობით, 12 მარტს, თავდაცვის ძალებმა 5 მიმართულებით რუსი ოკუპანტების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ეს მიმართულებებია ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა, მარინკა და შახტერსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით ყველაზე სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. 12 მარტს, დაბომბვა მოხდა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტსა და ჩასოვ-იარში.