
პარიზში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 28-ს აღემატება. დაშავებულთა შორის სამი მეხანძრეა.
ხანძარი საფრანგეთის დედაქალაქის მე-16 რაიონში, რვასართულიან შენობაში ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეშვიდე და მერვე სართულებზე გავრცელდა. ადგილობრივი მცხოვრებლები თავის გადარჩენის მიზნით სახურავზე ავიდნენ.
ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ. ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე. მათ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ხალხი ევაკუირებულია მიმდებარე შენობებიდანაც. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
პარიზის მე-16 რაიონი ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.