პარლამენტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
პარლამენტი "იარაღის შესახებ" კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დაუბრუნდა

პარლამენტი 17 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ე.წ. გადამუშავებული ვერსია პარლამენტს მთავრობისგან პირვანდელი სახით – ცვლილებების გარეშე დაუბრუნდა.
საბიუჯეტო პროექტი მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში. ნომინალში მშპ 79.6 მილიარდ ლარს მიაღწევს.
2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის 38.8%-ით იგეგმება.
მთავრობა მომავალ წელს 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
“საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-მდე გაიზრდება, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები – 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია“, – აღინიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ უფრო შემცირება, რაც ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
“ბოლო ორი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 2.8%-იანი დეფიციტი და კარგი იქნება თუ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“, – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
სასესიო განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება უკან.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა კენჭი ეყრება.
სამწლიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი “იარაღის შესახებ” კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დაუბრუნდა, რომლის საფუძველზეც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შს სამინისტროს ინიციატივით პარლამენტში ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაინიცირდა, დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტი პრინციპების დონეზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო. კანონპროექტის თანახმად, ცივი იარაღით ვაჭრობა, იმპორტი ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. დღეის მდგომარეობით, ცივი იარაღის ტარება დასჯადია, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით – თუ პირი ცივ იარაღს ატარებს, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია 200 ლარიანი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარიანი ჯარიმა ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და მხოლოდ მესამე ჯერზე არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
საკანონმდებლო რეგულაციის გამკაცრების შედეგად, ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება და არ იქნება მითითებული განმეორებადობა. ასევე ნორმას დაემატება ცივი იარაღის კონფისკაცია.