პარლამენტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტს განიხილავს
პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტს განიხილავს.
კანონპროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: ხდება “ოლიგარქის“ ცნების განმარტება; განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად – ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:
ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.
კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს.
რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
აღნიშნულ რეესტრში შეყვანილ პირს ეკრძალება:
ა) პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
ბ) ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
გ) ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, საკითხი ისეთ ფენომენს შეეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება ერთადერთ ქვეყანას – უკრაინას აქვს.
“იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან მოწოდება გაკეთდა უკრაინასთან მიმართებით ამ მიღებული კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის, ობიექტურ საზომად იქნა მიჩნეული უკრაინული მოდელის გაცნობა, განხილვა და გაანალიზება. ამიტომ, ჩვენ განვიხილეთ ეს მოდელი და საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა იმ საკითხზე, მათ შორის, განსხვავებული აზრების ფარგლებშიც, რომ ჩვენ წარმოგვედგინა კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
კანონპროექტის განხილვას არ დაესწრება ოპოზიციის ნაწილი, მათი განცხადებით, ეს რეალურ ცვლილებებს ვერ მოიტანს, რადგან წინადადება რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფასადურია.
პარტია “ლელოს” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით ევროკავშირმა წინასწარ გამოხატა დამოკიდებულება, რომ ეს კანონპროექტი ვერ ჩაითვლება მოთხოვნის შესრულებად.
“კანონპროექტს, რომელიც მისივე ავტორების შეხედულებით ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნას, ყოველ შემთხვევაში, მათ არგუმენტი არ აქვთ როგორ დააკმაყოფილებს ეს კანონპროექტი ევროკავშირის მოთხოვნას. გაურკვეველია რა პრინციპით უნდა დაუჭიროს ვინმემ მხარი, იმიტომ, რომ დეოლიგარიზაცია არის ევროკავშირის მოთხოვნა და საინტერესოა, რომ ჩვენი ინფორმაციით, ევროკავშირმა წინასწარ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება, რომ ეს კანონპროექტი ვერ ჩაითვლება ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებულად,” – აცხადებს სამადაშვილი.
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, მსგავსი კანონის მიღება შეცდომა იქნება როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის მხრიდან, რადგან ის უკრაინის რეალობაზეა მორგებული და ჯერ არ დაგვინახავს შეიცვალა თუ არა რაიმე პრინციპულად.
“უკრაინის კანონი უკრაინის რეალობაზეა მორგებული, არც ვიცით საერთოდ, მუშაობს იქ კარგად თუ არა. ხომ არ დაგვინახავს, უკრაინაში რამე პრინციპულად შეიცვალა? ახლა ომია იქ და შეუძლებელია რაიმეს შეფასება. წლები შეიძლება გავიდეს, სანამ დავინახავთ პოლიტიკურ შედეგს ამ კანონის. ის თუ მოლდოვაშიც აპირებენ ამ კანონის მიღებას, იმავე ტიპის შეცდომას დაუშვებენ, რაც ჩვენ უნდა დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, არც მოლდოვა იქნება წარმატებული ქვეყანა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კანონი მიიღონ. ასე რომ, ცუდია, რომ ევროინტეგრაციის პროცესმა ქვეყნები ასეთ შეცდომებამდე მიიყვანონ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს შეცდომა არ დავუშვათ,” – აცხადებს რაქვიაშვილი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიხედვით, ადამიანი ოთხი კრიტერიუმიდან სამს თუ აკმაყოფილებს, ოლიგარქად ითვლება. მისივე თქმით, წარმოუდგენელია, კანონი პოლიტიკიდან გასულ ადამიანს შეეხოს.
ამასთან, დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპონენტები წარმატებას ვერ აღწევენ, რადგან ისინი არარსებულ პრობლემას და გამოგონილ ამბავს ებრძვიან.
„უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანი ოთხი კომპონენტიდან სამს თუ აკმაყოფილებს, ის ოლიგარქად მიიჩნევა და შესაბამისი რეესტრი გაკეთდება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ეს პოლიტიკიდან გასულ ადამიანს შეეხოს. პოლიტიკაში ვინც არის, შეიძლება, მას შეეხოს, მაგრამ პოლიტიკიდან გასულ ადამიანს პოლიტიკაში ვინმეზე ზეგავლენა ვერ დაბრალდება.
ჩვენი ოპონენტები წარმატებას ვერ აღწევენ, რადგან არარსებულ პრობლემას ებრძვიან. პრობლემა ხომ არ არსებობს, ადამიანი პოლიტიკიდან დისტანცირებულია. მათი გადასახედიდან პრობლემა არის თავად ბიძინა ივანიშვილი და რაღაცაში მისი მონაწილეობა. ასე იგონებენ და ასე აბრალებენ მასაც, ქართულ სახელმწიფოსაც და ხელისუფლებასაც. რეალურად, „მათისეული პრობლემა“ ბუნებაში არ არსებობს, ანუ მოგონილ ამბავს, ქარის წისქვილებს ებრძვიან. არ არსებობს ასეთი არც პრობლემა და არც საკითხი. ასეთი თემა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, პოლიტიკიდან გასულია, პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ძალიან აშფოთებთ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მათ არ უნდათ, ეს ადამიანი ქვეყანაში იყოს, რადგან ის სტაბილურობის ერთ-ერთი ფაქტორია. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მიმართ შიში აიძულებთ, ებრძოლონ საკითხს, მათი გადასახედიდან პრობლემას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.