მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებს უსმენს

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავიანთ გეგმებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატები წარადგენენ.

საბოლოოდ, კვირის ბოლომდე მთავრობის ახალი შემადგენლობა პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.

თეა წულუკიანის ადგილს მისი ყოფილი მოადგილე გაზაფხულამდე დაიკავებს. გოჩა ლორთქიფანიძე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მარტამდე დარჩება, რადგან გაზაფხულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მისი მოსამართლის უფლებამოსილება ოფიციალურად ძალაში შედის.

უკვე ცნობილია, რომ კულტურის და განათლების გაერთიანებული სამინისტრო ისევ ორად გაიყოფა. ერთპარტიუმა პარლამენტმა პრემიერობის კანდიდატის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამაც უნდა განიხილოს.

სამთავრობო გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები უსმენენ.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. მათმა უმეტესმა ნაწილმა საარჩევნო სიების რეგისტრაცია გააუქმა და მანდატებზეც უარი თქვა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს:
ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.

სწორედ ამის გამო,მეათე მოწვევის პარლამენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button