მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პარლამენტი ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

ხმაურია დილიდან პარლამენტთან, სადაც ნიკა მელიას ადვოკატებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მისი საქმის პროკურორს უნდა მოუსმინონ, სწორედ ამ სხდომაზე სურდათ ადვოკატებს დასწრება.

პარლამენტის წინ სამოქალქო აქტივისტები არიან შეკრებილები.შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

მმართველი გუნდი მზად არის, იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭიროს. იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყებას სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმება მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სჭირდება.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მხრიდან გირაოზე უარის თქმა.

პარლამენტში შესულ 6 დეპუტატს განსხვავებული პოზიციები აქვთ და ამბობენ, რომ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ.

“მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ როცა ეს საკითხი შევა პარლამენტში, შეეცდება დაასაბუთოს, რატომ არ უნდა მოუხსნან ნიკა მელიას იმუნიტეტი, იმ პირობებში, როდესაც 1 კვირის წინ პარლამენტმა მას ის შეუნარჩუნა.

ოპოზიცია ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის და სასამართლოს გადაწყვეტილებებს წინასწარ უკვე უწოდებს პოლიტიკურად მოტივირებულს. მათი შეფასებით, მელიას დაკავება იქნება ჩიხისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რომელიც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button