მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის ბიუროს სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე” – ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომლის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

დადგენილების პროექტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ქმედებების მიზნობრიობის, შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. აგრეთვე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება.

მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია: – მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიდან სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება; სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივი შეფასება; მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოკვლევა, დადგენა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელება; ასევე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხი, დროულობა და შესაბამისობა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე, ხოლო კომისიის წევრთა რაოდენობა – 9 წევრით.

მსგავსი პოსტები

Back to top button