მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა

დღეიდან, პარლამენტის კომიტეტებში, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

თუმცა პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა. უცნობია რატომ არ ესწრებოდნენ მას დეპუტატები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” ალტერნატიული საკანამდებლო პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო.

“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ეს იყო პოლიტიკური სვლა და ოპოზიციამ პროცედურული ომი წააგო.

“ფაქტია, რომ ბიურო არ შედგა. ბიურო არ შედგა, მე ვხედავ პირადად პოლიტიკურ ინტერესს გარკვეული საკითხების განხილვის დაწყებისა კომიტეტში, მაგრამ ვინაიდან ასეთი რამ მოხდა, ამას თავისი პოლიტიკური შეფასება ექნება. ბიურო კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა დღეს დილას”, – თქვა გია ვოლსკიმ.

ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებს.

ფრაქციის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, გუშინ განაცხადა რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მათ ალტერნატიული პროექტი ჰქონდათ მომზადებული. ნაცვლიშვილმა რეგლამენტით დადგენილი წესით მათი ალტერნატიული ინიციატივის განხილვის დაწყება მოითხოვა, რისთვისაც პირველ რიგში საჭირო იყო, ბიუროს სხდომაზე პროექტის ინიცირება. ამის შემდეგ კი პარლამენტს უმრავლესობის ინიციატივასთან ერთად, ოპოზიციის ალტერნატიული შეთავაზებაც უნდა განეხილა.

ბიურო უმრავლესობამ კვორუმის პრობლემით ჩაშალა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ ის დღეს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა და ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობაზე ისაუბრა.

ელჩი აცხადებს, რომ მას აქვს კითხვები ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით და მისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მუხლი, რომელიც სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ვაფასებთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეებს. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მუხლზე, რომელიც ინსპექტორის სამსახურის მთელი გუნდის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს. ჩვენ ასევე გაგვიჩნდა კითხვები ამ პროცესის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობაზე. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გაგვცეს პასუხები და ვფიქრობ ჩაინიშნეს ჩვენი შენიშვნები, რასაც მე ვაფასებ”, – განაცხადა კელი დეგნანმა

ელჩის კელი დეგნანის ხმა

ამასთან, გუშინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დეგნანმა თქვა, რომ ხელისუფლების მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება შემაშფოთებელია, ამასთან, არის უცნაური, ნაჩქარევი და რთულად ასახსნელი.
„ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამჭვირვალე კონსულტაციის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი “თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო” უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.

შეგახსენებთ რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

გარდა ამისა, ახალშექმნილ საგამოძიებო სამსახურს საგამოძიებო ქვემდებარობა გაეზრდება – სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას “სისხლის სამართლის კოდექსის” სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.

მამუკა მდინარაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button