მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე მედიის შემზღუდველ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად, ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები და სტანდარტები შემოდის, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ პროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, საბოლოო მოსმენით მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

“ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონის პროექტით წესრიგდება ფაქტის ჯეროვან სიზუსტესთან და პასუხის უფლებასთან, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებასთან და გადაცემასთან, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებასთან, ასევე არასრულწლოვანი პირის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება სახელმწიფო ორგანოს – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება. კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა ეძლევა. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელს მიმართ შემდეგი სანქციები – გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში – ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება გამოიყენოს.

კანონით დადგენილი წესები და რეგულაციები მაუწყებელთა ონლაინ და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

ამასთან, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება გარდამავალი ნორმა, რომლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციები აღსასრულებლად არ მიექცევა.
გარდა ამისა ერთპარტიული და არალეგიტიმური დეპუტატის თორნიკე ჭეიშვილის თქმით, კანონპროექტში მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შეიტანეს.

ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მედიის შემზღუდველ კანონპროექტს II მოსმენით მხარი 19 მარტს დაუჭირეს.

ცვლილებების თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.
“წარმოდგენილი ცვლილებებით შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). აგრეთვე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. წინამდებარე კანონპროექტით ზუსტდება მაუწყებლების მიერ სოციალურ რეკლამაში პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების დაუშვებლობა”, – წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, კანონპროექტიდან ირკვევა, რომ იკრძალება “უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.

კანონში ცვლილებები ასევე შეეხება ონლაინ მედიასაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button