მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაიბარეს

„ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ამჯერად ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი გახარიას იბარებენ. პარტიის ცნობით, უწყისში წერია, რომ ის 20 ივნისთან დაკავშირებით არის დაბარებული.
გიორგი გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ მას 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე იბარებენ.

„2012-2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არამხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, მიწვეულია „არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან“, თუმცა სხვა პოლიტიკოსები არ დაუსახელებია.

როგორც გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ტატა ხვედელიანმა პარტიაში განაცხადა, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მის მშობლებთან მივიდა უწყისი, რომელშიც წერია, რომ იგი დაბარებულია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

„უწყისში წერია, რომ ეს ეხება 20 ივნისს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა. მისი კომენტარი რადიო თავისუფლება პარტიის პრესსამსახურმა გამოუგზავნა.

„შესაძლოა“, მივიდეს
ჯერ ზუსტად უცნობია, გეგმავს თუ არა გიორგი გახარია პარლამენტში მისვლას.

ზოგადად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უარს აცხადებდნენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული პარლამენტი და ეს კომისიაც არალეგიტიმურად მიაჩნიათ.

„გახარია საქართველოსთვის”, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად გაყალბებულად მიიჩნევს 2024 წლის არჩევნებს, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, თუმცა იმის გამო, რომ მანდატებზე უარი არ უთქვამს, კომისიაში მათ „ქართულმა ოცნებამ“ ორი ვაკანტური ადგილი დაუტოვა.

მედია დაუკავშირდა პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ პრესსამსახურს კითხვით, გამოცხადდება თუ არა გიორგი გახარია კომისიაზე. პარტიისგან ჯერ ზუსტი პასუხი არ მიგვიღია, თუმცა გამოგვიგზავნეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ტატა ხვედელიანის კომენტარი.

კითხვაზე, მივა თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარლამენტში, ის ამბობს:

„შესაძლოა, თუმცა საბოლოოდ ეს არის გიორგი გახარიას გადასაწყვეტი, მივა თუ არა კომისიის სხდომაზე. ამ ეტაპზე მხოლოდ შემიძლია ის დაგიდასტუროთ, რომ არის დაბარებული“.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, 20 ივნისის საქმის განხილვის შემდეგ, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა, გამოძიებამ უფრო სისტემურად გააანალიზოს საკითხი და შეისწავლოს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან 20 ივნისის ოპერაციის დაგეგმვა.
ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
სხვა პოლიტიკოსები
მას შემდეგ, რაც კომისიის წინაშე გამოცხადებისგან უარი განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს:

მამუკა ხაზარაძეს, – (პარტია „ძლიერი საქართველო“), – 50 000 ლარი
ბადრი ჯაფარიძეს, – (პარტია „ძლიერი საქართველო“), – 50 000 ლარი
ირაკლი ოქრუაშვილს, – თავდაცვის ყოფილ მინისტრს – 20 000 ლარი.
კომისიას მუშაობა 5 მაისს უნდა დაესრულებინა, თუმცა დღეს თეა წულუკიანმა პარლამენტს სთხოვა, „უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არა 5 ივნისს ამოუწუროს“ და „ერთი თვით მაინც გახანგრძლივდეს“.

ამის მიზეზად წულუკიანმა დაასახელა, რომ კომისიის მანდატი მცირე ხნის წინ მხოლოდ 2004-12 წლების ნაცვლად, 2012-24 წლებზეც გავრცელდა.

მისი თქმით, საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში, სექტემბერში პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე წარადგენენ კომისიის დასკვნას.

გახარია, „ოცნება“ და 20 ივნისი
2019 წელს წლის 20 ივნისს, – რასაც მედიაში „გავრილოვის ღამეს“ უწოდებენ, – გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

ანტირუსული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევას, – რასაც რამდენიმე ადამიანის, მათ შორის 19 წლის მაკო გომურის თვალი და მხედველობის უნარი ემსხვერპლა, – მოჰყვა საზოგადოების მხრიდან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა. ამის მიუხედავად, იმავე წლის სექტემბერში იგი პრემიერად დანიშნეს.

2021 წლის თებერვლამდე გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში პრემიერ-მინისტრი იყო.

2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქმედმა პრემიერმა და მაშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა: „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“.

2021 წელს, მას შემდეგ, რაც მან პოსტი დატოვა და საფუძვლად პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებული ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე შეუთანხმებლობა დაასახელა, – „ოცნებამ“ მისი მწვავე კრიტიკა დაიწყო.

მას „ოცნების“ ლიდერები თავდაპირველად ღალატსა და შეთქმულებაში ადანაშაულებდნენ. ბოლოს, 2024 წელს კი გახარიას ფიგურა ჩაეწერა „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიაში „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ შესახებ.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი ჰქონდა გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენება, თუმცა:

„როგორც კი ეს გადაწყდა, მან [გახარიამ] მაშინ 15 წუთი ითხოვა. ამ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიპ სტეიტიდან“. მერე გაგრძელდა ეს პროცესები, ტაქტიკურად სწორად ვიმოქმედეთ და მოხდა ისე, რომ გახარიასგან გათავისუფლდა ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა და მოვლენები დაუბრუნდა კალაპოტს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button