მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ “5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობის” გამო ცენტრს ხურავენ

საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს “საჯარო სექტორში დასაქმებულთა“ ერთობლივ განცხადებას.

კვლევითი ცენტრის თანამშრომლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებენ, როგორც „საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიებს შიშის დანერგვის მცდელობას.

„დღეს, 2025 წლის 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს „საჯარო სექტორში დასაქმებულთა“ ერთობლივ განცხადებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ.

ჩვენ, აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიდან ხელმომწერი პირები, მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას.

ჩვენ, აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აღიარებად!

პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად!

ჩვენ, ვრჩებით ერთგული საქართველოს კონსტიტუციის! ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ხალხს!”- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის, სალომე ნატროშვილის განცხადებით, პარლამენტის კვლევით ცენტრს მხრიდან დღევანდელ დღემდე რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

„იმ განმარტებაში, რომელიც ჩვენ მოგვეცა, დაფიქსირებული იყო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ აქტივობას, რომელიც ჩვენი მხრიდან ვლინდებოდა. რაც შეეხება ჩვენს აქტივობას, ეს იყო პეტიცია, სადაც გამოვხატეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, დავგმეთ ძალადობა, ძალადობას ვუწოდეთ ძალადობა და აქტივობა გაგრძელდა იმ რეპრესიული აქტის კრიტიკით, რომელიც დაინიცირდა “ქართული ოცნების” მიერ და რომელიც არის არაკონსტიტუციური აქტი. ეს აქტი რომ არაკონსტიტუციურია, ამას ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული 2 გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ წლების წინ, ის ნორმატიული შინაარსები, რომელიც მოცემულია ამ ცვლილებაში, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

5 ადამიანი ვიყავით, ვინც ჩანდა პეტიციაში, დანარჩენი თანამშრომლების პოზიცია ჩემთვის უცნობია. თუკი სისტემისთვის 5 ადამიანი ვიყავით საფრთხე და პრობლემა, მათ შეეძლოთ მხოლოდ ჩვენზე განეხორციელებინათ დევნა, მაგრამ გადაწყვეტილება შეეხო ყველას. სწორედ, ამაში ვხედავთ მარგინალიზაციის ნიშნებს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდნენ არის ეგზისტენციალური საფრთხე დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მიმართ უჩნდებათ პროტესტი, რადგან ამ გადაწყვეტილების უკან არის პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ბრალდებულები ამ გადაწყვეტილებაში.

დეპარტამენტში 20 ადამიანია დასაქმებული და ლიკვიდაციის შედეგად ყველა აღმოჩნდება სამსახურის გარეშე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა, სალომე ნატროშვილმა.
იანვრის დასაწყისიდან დღემდე, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით, საჯარო სამსახურიდან არაერთი მოხელე გაათავისუფლეს. მათი ნაწილი სასამართლოში ბრძოლას აპირებს და აცხადებს, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი ღია პროტესტის, დეკემბრის აქციების ძალადობრივი დაშლის გაპროტესტება და საპროტესტო პეტიციებზე ხელმოწერა გახდა.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, არაერთი საჯარო მოსამსახურე, მათ შორის იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე თბილისის მერიის თანამშრომლები გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას. მათ ასევე დაგმეს ის ძალადობრივი ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დემონსტრაციების დაშლისას.

ამ განცხადებებისა და წერილების შემდეგ მალევე განაცხადა, მაგალითად, დედაქალაქის მერმა, რომ მერიაში დაგეგმილი იყო რეორგანიზაცია და „იგეგმებოდა ბევრი ცვლილება“. მერიის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც საჯარო წერილს მოაწერეს ხელი, მაშინვე განაცხადეს, რომ ეს იყო დაშინება, მუქარა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებები.

სახალხო დამცველის შეფასებით, საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს „აღარ ექნებათ საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button